დეკემბერში ჩვენ შემდეგი სამიტი გვექნება ბრიუსელში და ყველას საჯაროდ გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ, სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, შარლ მიშელმა იმედი გამოთქვა, რომ რეფორმების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება.
„ქალბატონო პრეზიდენტო სალომე, მადლობას მოგახსენებთ ამ ინიციატივის განხორციელებისთვის, მივესალმები უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ქალბატონ მაიას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში დავბრუნდი და ამ შეხვედრაში ვიღებ მონაწილეობას. საქართველო, მოლდოვა და უკრაიანა უკვე 30 წელია, დამოუკიდებელი არიან. ერთი თაობა, რომელმაც ძალიან ძლიერი ძალისხმევით მიაღწია წინსვლას, ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის თანამშრომლობის, ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე, და ეს არ ყოფილა იოლი გზა. ეს სულისკვეთება მიმდინარეობდა დესტაბილიზაციის, აგრესიის, გამოწვევების ფონზე და პირობებში. ევროკავშირი თქვენთან არის და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ. აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას.
ჩვენ გვინდა, რომ ეს გამძლეობა, სტაბილურობა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში იყოს და ეს ტრანსატლანტიკური პარტნიორების ძალისხმევით განხორციელდეს. ერთ თაობაში მოხდა ეს ყველაფერი, ევროკავშირი ასევე განიცდიდა ძირეულ ცვლილებეს და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დემოკრატიული სივრცე არის ჩვენი ერთობის, თავისუფლების, ფასეულობების საფუძველი. 2009 წელს პრაღის სამიტზე გადავწყვიტეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა და დღეს, 12 წლის თავზე ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა უკვე რეალობად იქცა, სარგებელს აძლევს უკვე ყველა ქვეყნის მოქალაქეს.
ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, მისწრაფებები, საჭიროებები. დეკემბერში ჩვენ გვექნება შემდეგი სამიტი ბრიუსელში, ყველას საჯაროდ გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების მიმართულებით არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის და საზოგადოების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები, თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, პრესის დაცულობა – ეს ის ფასეულობებია, რომელიც კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიაა.
გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა პანდემიასთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ პანდემია მხოლოდ გლობალური თანამშრომლობის ძალისხმევით დაიძლევა.
„ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი გლობალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ „კოვიდ 19“-ის სახით, ყველამ ვიცით, რომ პანდემია მხოლოდ გლობალური თანამშრომლობის ძალისხმევით თუ დაიძლევა. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირი სწრაფად მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მოვახდინეთ 2,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია ამ კრიზისის დასაძლევად. ეს ძლიერი მხარდაჭერა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია და სტრატეგიულია ჩვენი პარტნიორობა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, რადგან ეს არის ჩვენი საკვანძო პირობა ჩვენი მედეგობისთვის. ევროკავშირი არის უმსხვილესი დონორი ვაქცინაციის პროცესში და ჩვენ 500 მილიონ დოზაზე მეტი გამოვყავით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.
მეგობრებო, ჩვენ ბევრი სხვა გამოწვევის წინაშეც ვიმყოფებით, იქნება ეს ეკონომიკა, კლიმატის ცვლილება, ციფრული გარდაქმნა, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიძლება იყოს უფრო მეტი პარტნიორობის და თანამშრომლობის საფუძველი ამ და სხვა ბევრი მიმართულებით. ის უნდა იყოს კატალიზატორი დემოკრატიის რეფორმებისთვის, სამართლის უზენაესობისთვის, იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია არ მოხდეს ქვეყნებში“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ამასთან, შარლ მიშელის თქმით, ასოცირების შეთანხმება, მათ შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცე არის ყველაზე ამბიციური ფორმა თანამშრომლობისა, რომელიც ევროკავშირს ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან აქვს.
„2019 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევაში 45 პროცენტითაც კი იმატა ჩვენმა ვაჭრობამ და ევროკავშირი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია ზოგიერთი ქვეყნისთვის. ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია, რათა თქვენი საკანონმდებლო სივრცე და ჩარჩო სისტემა განვითარდეს იმითაც, რომ კონკურენტუნარიანი გახდეს თქვენი ქვეყნის მეწარმეობა ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზაზე. მეგობრებო, კოლეგებო, ჩვენ ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციასაც აქვს თავისი სარგებელი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. ნახევარ მილიონზე მეტი სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ახალგაზრდობას. სულ 80 ათასი გაცვლითი პროგრამა არსებობს ერასმუსის პროგრამის ფარგლებში“, – აღნიშნა შარლ მიშელმა, რომელმაც სამომავლოდ სამ პრიორიტეტულ მმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ქალბატონებო და ბატონებო, მინდა, მომავალზე გავაკეთო აქცენტი და სამი პრიორიტეტი გამოვყო – პირველი არის ეკონომიკის უპრეცედენტო პროგრამის გარღვევა, რომელიც გარდამტეხია ამ რეგიონისთვის. ევროკავშირი 2,3 მილიარდი ევროთი დაეხმარება და ამ დახმარებას ექნება 17 მილიარდი ევროს მობილიზაციის შესაძლებლობა. ასევე, ძლიერ მწამს, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და შევძლებთ ათასობით კილომეტრი გზების დაგებას, სარკინიგზო გზების განვითარებას 2030 წლისთვის. ეს კიდევ უფრო დაამოკლებს ფიზიკურ დაშორებას ჩვენს საზოგადოებებს შორის, ეს მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება იქნება ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტის კუთხით, რომელიც უფრო მედეგს გახდის თქვენს ქვეყნებს. მესამე და საბოლოო არის რეფორმები – დემოკრატიული მმართველობა არის იმის გასაღები, რომ ლიბერალური დემოკრატია იქცეს მნიშვნელოვან აქცენტად სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობა, ეს არის აუცილებელი ფაქტორი იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რასაც იძლევა ეს ინსტრუმენტი.
მეგობრებო, ეს შეხვედრა არის იმის შესაძლებლობა, რომ აქცენტი გაკეთდეს ასოცირების პარტნიორების ტრიოს ინიციატივაზე, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის ბრიუსელთან, ეს მეტად მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკის გაძლიერების შესაძლებლობას უფრო ფართო დღის წესრიგზე, რაც მომავლისთვის გვაქვს დასახული. დღეს ასევე ხაზს ვუსვამ, რომ მნიშვნელოვანია ასოცირების პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. მინდა, გავაკეთო კიდევ ერთი შემოთავაზება, მოდით, დავნერგოთ სასამართლო რეფორმის კონკურენტული სამიზნე ორიენტირი და ვნახოთ, როგორი მხარდაჭერა შეიძლება იქნას მობილიზებული კავშრების გასამყარებლად ევროკავშირთან. ძვირფასო მეგობრებო, მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ის ლოკომოტივი, რომლის ტრანსფორმაციაც ხელს შეუწყობს კეთილდღეობას და ეკონომიკურ განვითარებას, ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი გახსნილობისა და საერთო თანამშრომლობისთვის. ვახსენე ერთი თაობა დამოუკიდებლობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამ ერთი თაობის დროს მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი არის თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორი უფრო მეტი დემოკრატიისთვის, უფრო მეტი სტაბილურობისთვის და მეტი კეთილდღეობისთის, და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნის მოსახლეობის სასარგელოდ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში იმართება, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად, სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი.