შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ საკითხის გადაწყვეტას ევროპული საბჭოს მომავალი სხდომისთვის შეძლებს
შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ საკითხის გადაწყვეტას ევროპული საბჭოს მომავალი სხდომისთვის შეძლებს

ევროპული საბჭოს პრეზიდნეტი შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის საკითხის გადაწყვეტას ევროპული საბჭოს მომავალი სხდომისთვის შეძლებენ.

აღნიშნულის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შვედეთის პრემიერ მაგდალენა ანდერსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი ბევრ დიალოგსა და პოლიტიკურ ძალისხმევას საჭიროებს. როგორც შარლ მიშელმა განაცხადა, ევროკავშირის ლიდერები ბევრს მუშაობენ, რათა ერთიანები იყვნენ და მიიღონ გადაწყვეტილებები რუსეთის ომის მანქანის დასანგრევად.

„ჩვენ ვიცით, რომ მნიშვნელოვანია, დავასრულოთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ვერსალში ყველამ ერთად, ერთხმად მივიღეთ. თუმცა ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ გადასვლა უფრო რთულია, რადგან გვჭირდება კონკრეტული გამოსავლის პოვნა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ევროპულ მიწაზე ეკონომიკურ ინტერესებს და სოციალურ ერთიანობას ვიცავთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ, ვცდილობთ, ვიყოთ ინოვაციურები, კონსტრუქციულები, რათა წარმოვადგინოთ გარკვეული შეთავაზებები მაგიდაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ ჩვენი ერთიანობა და ვიყოთ ერთიანები. დიახ, ეს რთულია, თუმცა ჩვენ არ დავნებდებით. ბევრს ვიმუშავებთ და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, ვაჩვენოთ, რომ ერთიანები ვართ ორშაბათს და სამშაბათს ევროპული საბჭოს სხდომაზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს შეხვედრა 30-31 მაისს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია უნგრეთი.