შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებას ავრცელებენ - მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან
უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო ქმედებებით, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ძალის ასეთი გამოყენების ადგილი 21-ე საუკუნეში ადგილი არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის საგანგებო სამიტი მოიწვია.
„ევროკავშირის ლიდერები დღეს მოგვიანებით შეხვდებიან, რათა განიხილონ აღნიშნული კრიზისი და მორიგი შემზღუდავი ზომები, რომლებიც რუსეთის მისი ქმედებებისთვის დაუწესებს მასიურ და სერიოზულ საფასურს, ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან კოორდინირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს სანქციების მორიგ პაკეტს, რომელიც მუშავდება ევროკომისიის მიერ საბოლოო სახის მისაღებად და რომელსაც ევროკავშირის საბჭო სწრაფად დაამტკიცებს.
„ჩვენ ვწუხვართ ადამიანების გარდაცვალებისა და ჰუმანიტარული ტანჯვის გამო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან, სასწრაფოდ აღმოაჩინონ ჰუმანიტარული საგანგებო დახმარება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ფორმირებებს, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით ამ უპრეცედენტო კრიზისის წინაშე. ევროკავშირი გააგრძელებს პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ევროკავშირი ახორციელებს თავისი რეაგირების კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსთან და დიდ შვიდეულთან, რომლების ლიდერებიც დღეს გამართავენ შეხვედრას.