შარლ მიშელი - ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პუტინის დამარცხება, შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პუტინის დამარცხება. ეს საერთო მიზანი უნდა იყოს. ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა „სიენენის“ ეთერში, კრისტიან ამანპურთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის უსაფრთხოების საკითხი ევროპისა და მსოფლიოს მომავლისთვის. შარლ მიშელის თქმით, ომის დაწყების შემდეგ ის არაერთხელ ესაუბრა როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის პრეზიდენტებს იმ იმედით, რომ შეძლებდა ცეცხლის შეწყვეტას მოლაპარაკების გზით.
„ძალიან რთულია, რადგან ჩვენ დარწმუნებული არ ვართ რუსეთის ხელისუფლების გულწრფელობაში. გულუბრყვილოები არ ვართ, ვფიქრობ, ისინი ცდილობენ თავს დაესხნენ სამხედროებს, რათა გააძლიერონ მათი პოზიციები მოლაპარაკების პროცესში, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს“, – განაცხადა მიშელმა.
შარლ მიშელმა ისაუბრა სანქციებზეც და აღნიშნა, რომ ევროპას ენერგოსექტორში არ აქვს ისეთივე ვითარება, როგორიც აშშ-შია, რამდენადაც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე.
„სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ უფრო გონიერები. მიზანი რუსეთია, ის უნდა იყოს მტკივნეული რუსეთისთვის და არა ჩვენთვის“, – განაცხადა მიშელმა.