შარლ მიშელი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, განახლებულ მოლაპარაკებებში კონსტრუქციული სულისკვეთებით ჩაერთონ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
როგორც ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული, მოლაპარაკებების დროს შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და ორ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას ევროკავშირისთვის.
შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული განხორციელება. მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესში ექსპერტული მხარდაჭერისთვის.
ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, სასწრაფო წესით ითანამშრომლონ დაკავებულების დაბრუნების საკითხზე. ევროკავშირი ჰუმანიტარული დახმარების სახით უზრუნველყოფს თითქმის 20 მილიონი ევროს გამოყოფას და გააგრძელებს ჩართულობას.
შარლ მიშელი ორივე მხარეს მოუწოდებს, ჩაერთონ განახლებულ მოლაპარაკებებში კონსტრუქციული სულისკვეთებით.
„ევროკავშირი ღრმად არის დაინტერესებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის განუყოფელი ნაწილის, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში”, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.