შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს - ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ სწრაფი სვლის სურვილი გამოხატეს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადების თანახმად, 2021 წლის 26 ნოემბრის სოჭის განცხადების შესაბამისად, შეხვედრაზე შეთანხმდნენ აპრილის ბოლომდე ერთობლივი სასაზღვრო კომისიის მოწვევაზე. აღნიშნული კომისიის მანდატი იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი საზღვრის დელიმიტაცია, ასევე საზღვრის გასწვრივ და მის მიმდებარედ სტაბილური უსაფრთხოების სიტუაციის უზრუნველყოფა.
როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განხილული იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაცია და ორივე ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარება.
შარლ მიშელმა დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა, გააღრმავოს თანამშრომლობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რათა მჭიდროდ იმუშაონ დაძაბულობის გადასალახად და ხელი შეუწყონ სამხრეთ კავკასიის, როგორც უსაფრთხო, სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული რეგიონის განვითარებას იქ მცხოვრები ყველა ადამიანის სასარგებლოდ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ძალების შესაბამისი დაშორების უზრუნველყოფა არის არსებითი ელემენტი ინციდენტების პრევენციისა და დაძაბულობის შემცირებისთვის. შარლ მიშელმა დაადასტურა ევროკავშირის მხრიდან რჩევისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის მზადყოფნა.
სამმხრივ შეხვედრაზე ასევე განხილული იყო კომუნიკაციისა და კავშირის ინფრასტრუქტურის აღდგენა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ასევე, ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. შარლ მიშელი მიესალმა სარკინიგზო ხაზების აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და მოუწოდა სომხეთს და აზერბაიჯანს საგზაო კავშირების აღსადგენად ეფექტიანი გადაწყვეტილებების მოძებნისკენ. ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს კავშირის არხების განვითარებას, მათ შორის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ასევე შეთავაზებული ეკონომიკური საკონსულტაციო ფორუმის გამოყენებით საერთო პროექტების განსაზღვრისთვის.
შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა ყველა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხის სრული და სწრაფი მოგვარების საჭიროებას, მათ შორის დარჩენილი დაკავებულების გათავისუფლების და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხის მოგვარების. ევროკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს ამ ძალისხმევას.
პრეზიდენტმა მიშელმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმაც მათ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ სწრაფი სვლის სურვილი გამოხატეს. ამ მიზნით შეთანხმებული იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს დაევალებათ სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადებაზე მუშაობა, რომელშიც იქნება დარეგულირებული ყველა აუცილებელი საკითხი.
ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის ბრიუსელში შეხვედრა 6 აპრილს შარლ მიშელის შუამავლობით გაიმართა.