შარლ მიშელი - აშშ-თან ალიანსის შენარჩუნების მომხრე ვარ, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ ეს გულისხმობს, რომ ყველა საკითხზე ბრმად უნდა მივყვეთ ვაშინგტონის პოზიციას
აშშ-თან ალიანსის შენარჩუნების მომხრე ვარ, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ ყველა საკითხზე ბრმად უნდა მივყვეთ ვაშინგტონის პოზიციას, – როგორც „პოლიტიკო“ წერს, ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ფრანგულ სატელევიზიო შოუში სტუმრობისას გააკეთა.
შარლ მიშელს კომენტარი სთხოვეს საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპა არ უნდა იყოს ყველა საკითხზე აშშ-ის მიმდევარი, რადგან ეს, მისივე თქმით, ევროკავშირს სტრატეგიული ავტონომიის მიღწევაში შეუშლის ხელს.
როგორც მიშელი აცხადებს, ევროკავშირში ბევრი ეთანხმება მაკრონს და მის მიერ ჩამოყალიბებულ „სტრატეგიული ავტონომიის“ კონცეფციას.
„რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობებს, გასაგებია, რომ ევროკავშირის საბჭოში მოლაპარაკებების დროს, შესაძლოა, იყოს ნიუანსები და დელიკატური საკითხები. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი არ ისაუბრებდა ისე, როგორც ეს მაკრონმა გააკეთა. მივიჩნევ, რომ ბევრი ფიქრობს ისე, როგორც მაკრონი“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.