შარლ მიშელი აცხადებს, რომ მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს
შარლ მიშელის თქმით, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შემდეგი ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას, და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. მინდა, დავადასტურო, რომ მე ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს წინაშე ვაპირებ წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდება წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
მისივე თქმით, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე პროგრესი საგრძნობ და დადებით შედეგს მოუტანს მოლდოვის მოქალაქეებს.
„მოლდოვა სულ უფრო ხშირად ხდება მტრული რუსული დაზვერვის სამიზნე. ბოლო თვეებში რუსეთი და მისი დაქვემდებარებულები სულ უფრო ხშირად ცდილობენ თქვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას და ამისთვის იყენებენ ენერგეტიკას, კიბერთავდასხმებს, ახდენენ საპროტესტო აქციების ინსცენირებას და სხვა ძირგამომთხრელ ქმედებებს მიმართავენ. ჩვენ ვგმობთ დესტაბილიზაციის ამ მცდელობებს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
მიშელმა ასევე მოუწოდა მოლდოვის ხელისუფლებას, გააგრძელონ რეფორმების გატარება. კერძოდ, მან ახსენა სასამართლო რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზაცია.
ამასთან, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკომისია მოლდოვის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს ზაფხულში წარადგენს. მისივე თქმით, ეს იქნება „არსებითი და წონიანი“ დახმარება.