შარლ მიშელი - 2022 წელს აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა მითხრა, როდესაც თქვენ, ევროპელები ჩემს ქვეყანაში მოდიხართ, გაკვეთილებს ტოვებთ, ჩინელები კი ინფრასტრუქტურას ტოვებენ
შარლ მიშელი - 2022 წელს აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა მითხრა, როდესაც თქვენ, ევროპელები ჩემს ქვეყანაში მოდიხართ, გაკვეთილებს ტოვებთ, ჩინელები კი ინფრასტრუქტურას ტოვებენ

2022 წელს აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა მითხრა, როდესაც თქვენ, ევროპელები, მოდიხართ ჩემს ქვეყანაში და გაკვეთილებს ტოვებთ, ჩინელები კი ინფრასტრუქტურას ტოვებენო, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, განვითარებადი ქვეყნებიდან ბევრს სურს თავიანთი ეკონომიკური და უსაფრთხოების ალიანსების დივერსიფიკაცია, ჩინეთსა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება, თუმცა ევროკავშირს სჭირდება ახალი მიდგომა მათ მისაზიდად. მან გაიხსენა 2022 წელს აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა, რომელმაც თქვა: „როდესაც თქვენ, ევროპელები, მოდიხართ ჩემს ქვეყანაში… თქვენ ტოვებთ გაკვეთილებს. როდესაც ჩინელები მოდიან, ისინი ტოვებენ ინფრასტრუქტურას“.

„მე არ ვამბობ, რომ ისინი მართლები არიან ან არ არიან მართლები. მე უბრალოდ ვხსნი, რომ ჩვენ არ მივმართავთ ძალისხმევას, რომ გავიგოთ”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა და აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა არ უწყობს ხელს ამ ქვეყნების დარწმუნებასა და მათზე გავლენის მოხდენას.

მედიის ცნობით, რუსეთის ქალაქ ყაზანში 22-24 ოქტომბერს გამართულ „ბრიქსის“ სამიტზე 20-ზე მეტი ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისა და ნატო-ს წევრი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ასევე ევროკავშირის ისეთი პარტნიორები, როგორებიცაა ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

„ეს რაღაცას ნიშნავს, თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც ეგვიპტეა, რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს ჩვენთან და აშშ-თან სამხედრო თვალსაზრისით, როდესაც ისეთი ქვეყანა, როგორიც საამიროებია, რომელსაც ჩვენთან ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს ეკონომიკური პარტნიორობის თვალსაზრისით, აკეთებს არჩევანს, იყოს ყაზანში, მათ სურთ გაუგზავნონ გზავნილი დანარჩენ მსოფლიოს. სპარსეთის ყურის ქვეყნების ერთ-ერთმა ემირმა ერთხელ მითხრა, რომ თუ არსებობს ვაკუუმი, ძალიან მალე ამ ვაკუუმს ვიღაც შეავსებს. და თუ თქვენ იქ არ ხართ, იქ სხვები იქნებიან“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს მოქმედმა პრეზიდენტმა.

შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირის მიდგომა სავაჭრო პარტნიორებისთვის თავისი სტანდარტებისა და რეგულაციების დაწესების კუთხით, მაგალითად, თევზჭერის წესებთან დაკავშირებით, ხშირად დამამცირებელია. მიშელის განმარტებით, სტანდარტების დარღვევებზე საუბრისას ევროკავშირი იყენებს სიტყვებს – „ყვითელი ბარათი“ ან „წითელი ბარათი“.

„სიტყვები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, ნამდვილად დამამცირებელია, რადგან ჩვენ ვქმნით შთაბეჭდილებას, რომ ვართ მოედანზე ერთდროულად მოთამაშეც და მსაჯიც“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.