„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამიტზე აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამიტზე აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო და რეგიონული ვითარების ტექტონიკური, კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები შეთანხმდნენ, გააფართოონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ ურთიერთქმედება საერთაშორისო საქმეებში, ერთობლივად დაიცვან ორი ქვეყნის საერთო ინტერესები და ერთობლივად შეუწყონ ხელი რეგიონული და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების საქმეს.
დეკლარაციაში წერია, რომ ჩინური მხარე მტკიცედ უჭერს მხარს აზერბაიჯანული მხარის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო დღის წესრიგს და კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს გეოპოლიტიკურ ინტრიგებს, რომლებიც მიმართულია კონფრონტაციის ხელშეწყობისკენ.
ასტანაში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართა.