შალვა თადუმაძე - თუ პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა დადგება, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ
თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ,- ამის შესახებ პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, თადუმაძემ აღნიშნა, რომ “როცა დადგება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, მას აუცილებლად დააყენებს პროკურატურა”.
“გამოძიების მიმდინარეობისას იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა აუცილებლობაც არის”, – განაცხადა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.