შალვა თადუმაძე - სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მოსამართლე თადუმაძე აკმაყოფილებს კვალიფიკაციის, მიუკერძოებლობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტესტს, ამ ნაწილში გიგი უგულავას საჩივარი დაუშვებლად ცნო
სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მოსამართლე თადუმაძე აკმაყოფილებს კვალიფიკაციის, მიუკერძოებლობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტესტს და ამ ნაწილში გიგი უგულავას საჩივარი დაუშვებლად ცნო, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მოსამართლე შალვა თადუმაძე აცხადებს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს: „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ჩემ მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლება – დარღვევა დაადგინა. დაადგინა მოსამართლე თადუმაძის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი, როცა ის ჩემ საქმეზე პროკურორიც იყო და მოსამართლეც“.
შალვა თადუმაძის განმარტებით, რამდენადაც იცის, გიგი უგულავას საკმაოდ ვრცელი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი და ძირითადად ემყარებოდა თადუმაძის უდიპლომობას, არაკვალიფიციურობას, პოლიტიკურ აფილირებას, გენერალურ პროკურორობას და ამ საქმის მოსამართლეობას.
შალვა თადუმაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ არ არსებობს არანაირი ეჭვი და მტკიცებულება, რომელიც ზემოთხსენებულ რომელიმე გარემოებას ადასტურებს.
„სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სუბიექტური და ობიექტური ტესტით მოსამართლე თადუმაძე აკმაყოფილებს როგორც კვალიფიკაციის, ასევე მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტესტს და ამ ნაწილში საჩივარი დაუშვებლად ცნო. ერთადერთი საკითხი, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ განმარტება გააკეთა, არის ის, რომ საქმე პოლიტიკურად სენსიტიური იყო და საქმის გასაჩივრების დროს მოსამართლე თადუმაძე იყო ქვეყნის გენერალური პროკურორი. მიუხედავად იმისა, რომ განსასჯელ უგულავას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, თუ რატომ აყენებდა ეჭვქვეშ თადუმაძის ობიექტურობას, უმჯობესი იყო თადუმაძეს, როგორც მოსამართლეს, არ მიეღო ამ საქმეში მონაწილეობა, მით უფრო, რომ განაჩენი შეიცვალა განსასჯელის საუარესოდ“, – აცხადებს შალვა თადუმაძე.