შალვა თადუმაძე - სამართლიანობის აღდგენის ნაწილში გამოწვევა დიდია და მემკვიდრეობა საკმაოდ მძიმე
შალვა თადუმაძე - სამართლიანობის აღდგენის ნაწილში გამოწვევა დიდია და მემკვიდრეობა საკმაოდ მძიმე

სამართლიანობის აღდგენის ნაწილში გამოწვევა დიდია, მოლოდინიც დიდია და მემკვიდრეობა არის საკმაოდ მძიმე, – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით საქართველოს პროკურატურაში სამართლიანობის მოთხოვნით 52 530 საჩივარია შეტანილი.

„მოძალადე პროკურატურის პირობებში ჩვენ მივიღეთ 52 530 ადამიანი, რომელსაც განცდა აქვს, რომ ქვეყანაში უსამართლობა არსებობდა, განცდა აქვს, სამართლიანობის აღდგენის და ამ ადამიანების უკან დგანან კომპანიები, ოჯახები. ბევრი მსჯელობა და ბევრი მუშაობა მიმდინარეობდა იმ მოდელებზე და მათ შორის მეც ვიყავი ჩართული, თუ რა ფორმით უნდა ჩამოყალიბებულიყო ის სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა სამართლიანობის აღდგენას. დღეს ჩამოყალიბებული სტრუქტურა მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს, თუმცა ტემპი არის საკმაოდ დაბალი და სხვანაირად არც შეიძლება, რადგანაც არსებობს სახელმწიფო და არც ადამიანური რესურსი, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში 52 530 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. სამწუხარო ტემპია და ჩემი აზრით, ცოტა არასერიოზულიც, რადგან ამ სტრუქტურული ერთეულის მიღწევა არის წელიწადში 50 საქმე და თუ ამ ანგარიშს მივყვებით, ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ 1030 წლის შემდეგ, რაც არასერიოზულია, სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, რომლის გამოწვევაც სამართლიანობის აღდგენაა”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით, სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, სამართლიანი პროკურატურა რომ ჩამოყალიბდეს, 52 530 საქმესთან დაკავშირებით უნდა იყოს სისტემური მიდგომა.

„ზოგადად სისხლის სამართლის საქმეები უნიკალურია, ინდივიდუალობით გამოირჩევა და და ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მაგრამ ეს ის მოცემულობაა, როცა არ შეიძლება ამ სახით მივუდგეთ საქმის წარმოებას, რადგან მემკვიდრეობა არის საკმაოდ მძიმე. ვფიქრობ, სისტემური მიდგომის შემდეგ, საქმეების კლასიფიკაცია მოხდება. არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ითხოვენ, ვუთხრათ, რომ თქვენ უდანაშაულოები იყავით იმ პერიოდში. ვიცით, სისხლისსამართლებრივი დევნა გადასახადის გადაუხდელობის გამოც ხორციელდებოდა, მეორე მოთხოვნა ეს არის დაუბრუნდეს ქონება და ეს ის ქონებებია, რომელსაც სახელმწიფო ვერ იყენებს, ვერც ვერასოდეს გამოიყენებს და მისი შენახვა მოვლაში უფრო მეტს იხდის, ვიდრე მის დაბრუნებაში გადაიხდის. ვფიქრობ, შეიძლება ერთიანი გადაწყვეტილებების მიღება ამ სახის სისხლის სამართლის საქმეებზე. არის საქმეები, რომლებიც რთულია, მოთხოვნაც იმაზე მაღალია, ვიდრე სახელმწიფოს ამის რესურსი აქვს. არის საქმეები, ჩამორთმეული ქონება, როდესაც გადაყიდულია კეთილსინდისიერ შემსყიდველზე, ჩამორთმეული ქონების საინვესტიციო ღირებულება გაზრდილია სახელმწიფოს მიერ ან ვთქვათ, მყიდველის მიერ შემდგომ. ეს საქმეები არის ის რთული საქმეები, რომელზეც პროკურატურას მაინც სამართლებრივად აქვს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ის უკვე სამართლის სხვა დარგი, სამოქალაქო სამართალი უნდა ჩაერთოს და იქ მხარეებმა გაარკვიონ ეს ქონება უნდა დაბრუნდეს თუ არ დაბრუნდეს, რა ღირებულებით უნდა დაბრუნდეს. თუ რამეს ვერ ვაკეთებთ, მიმაჩნია, რომ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ არის რაღაც მოთხოვნები და სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სამართლის მოთხოვნის მოლოდინი არის იმაზე მეტი, ვიდრე ეს შესაძლებელია. თუ ვერ ვაბრუნებთ ამ ქონებას, ან თუ ვერ უზრუნველვყოფთ მის ფინანსურ ანაზღაურებას, უნდა ვთქვათ, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფოს არც კანონიერი, არც ეკონომიური შესაძლებლობა არ აქვს, რო, მოქალაქეთა მოთხოვნის ეს ნაწილი დააკმაყოფილოს”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.