შალვა თადუმაძე - პროკურატურაში მიმდინარე რეფორმა უზრუნველყოფს სწრაფი გადაწყვეტილების უნარიანობას და საპროკურორო საქმიანობის მყარ დამოუკიდებლობას
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო დამოუკიდებლობის კვალდაკვალ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის, განგრძობადი განათლების და კარიერული დაგეგმვის უმნიშვნელოვანესი რეფორმები.
„ბუნებრივია, პრობლემები არსებობს, მაგრამ დღეს გვაქვს ჩვენ სისტემა, რომელმაც კონსტიტუციურად დამოუკიდებლობა მოგვანიჭა და ამ ფონზე ჩვენ დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროკურატურის დეცენტრალიზაციის რეფორმა, განგრძობადი განათლების რეფორმა და კარიერის დაგეგმვა. ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს სწრაფი გადაწყვეტილების უნარიანობას და საპროკურორო საქმიანობის მყარ დამოუკიდებლობას.“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების საუკეთესო შეფასება „ევროჯასტთან“ მიღწეული შეთანხმებაა.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღის აღსანიშნავად სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ „ევროჯასტის“ პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს უმასპინძლა.
ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცლებს.