შალვა თადუმაძე - ის, რომ 67 პოლიციელი და ოთხი მოქალაქეა დაზარალებულად ცნობილი, არაფერს ამბობს, რადგან დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის
ის, რომ 67 პოლიციელი და ოთხი მოქალაქეა დაზარალებულად ცნობილი, ჩემთვის როგორც იურისტისთვის არაფერს არ ამბობს, რადგან დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის, არის მტკიცებულებებით, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაში ჩართულია ერთი მხრივ, შსს, რომელიც ახორციელებს თავისი ქვემდებარეობის მიხედვით გამოძიებას და მეორე მხრივ, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, რომელიც სამართალდამცველების მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულებზე რეაგირებას ახდენს.
„ზოგადად გამოძიების ნაწილში დაზარალებულების ცნობა არ არის თვლით – იქ ოთხია, აქ 67 და რა ხდება? მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ შსს ახორციელებს გამოძიებას იმ ნაწილში, რომელიც თავისი საგამოძიებო ხასიათიდან გამომდინარე გაცილებით მარტივია, ვიდრე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის. უამრავი ვიდეომასალა, რომელსაც გამოძიება ამუშავებს, მოქალაქეების იდენტიფიცირებები გაცილებით უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით იმყოფებოდნენ აღნიშნულ აქციაზე. შემთხვევები, სადაც მოხდა იდენტიფიცირება, ყველა ეს პირი ბრალდებულად არის ცნობილი და შემთხვევები, სადაც ამ პირების მიერ განხორციელებული ქმედების დაზარალებული გამოიკვეთა, ყველა პირი დაზარალებულად ცნობილია“, – განაცხადა თადუმაძემ.
მისივე თქმით, ის, რომ 67 პოლიციელი და 4 მოქალაქეა დაზარალებულად ცნობილი, მისთვის, როგორც იურისტისთვის არაფერს არ ამბობს, რადგან დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის, არის მტკიცებულებებით.
„მესმის პოლიტიკური სურათია, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს პროკურატურის და იურიდიული მსჯელობის საგანი არ არის. სახელმწიფო არ არის დანაშაულის ჩამდენი პროკურატურისთვის და იურიდიულად. ეს პოლიტიკური ასპექტია, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და რეაგირება არ ხდება. ვინ ჩაიდინა კონკრეტულად, რა დანაშაული, ეს გამოძიების საკითხია. რაც არ უნდა პოლიტიკური მოთხოვნა იყოს, თუ ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია და ამის სტანდარტი არ არსებობს, პროკურატურა ბრალს ვერ წაუყენებს“, – განაცხადა თადუმაძემ.