შალვა თადუმაძე - გარემოს დაცვის პროგრამების გარანტიები კანონმდებლობის დონეზე გაიწერება
გარემოს დაცვის სამინისტრო გაუქმდება, მაგრამ გარემოს დაცვის პროგრამებთან დაკავშირებით განსაკუთრებული გარანტიები კანონმდებლობის დონეზე გაიწერება.
როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ განუცხადა, გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმართებაში პროექტში ის ჩანაწერი რჩება, რაც თავიდანვე წარდგენილი იყო.
“გარანტიის პირობები განიხილება, რომელიც კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე დაფიქსირდება. გარანტირებული იქნება, რომ გარემოს დაცვის ბიუჯეტი არც ერთ შემთხვევაში არ შემცირდება და წინა წელზე ნაკლები არასოდეს იქნება. შესაბამისად, გარანტია არსებობს, რომ სახელმწიფოსთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტულია და ამაში სახელმწიფო თავის ფინანსურ რესურსებს გამოიყენებს, რაც კანონის დონეზე დაფიქსირდება”, – განაცხადა თადუმაძემ.
მთავრობის განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე, გარემოს დაცვის სამინისტრო უქმდება და ის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთიანდება, რისი წინააღმდეგიც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია.