შალვა თადუმაძე - გამომძიებელსა და პროკურორს შორის კომუნიკაციის 98% არის სატელეფონო და უმჯობესია, ეს დოკუმენტურ ფორმად იქცეს
საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარი დადგინდება. ამის შესახებ მან კონფერენციაზე -„საგამოძიებო სისტემის რეფორმა“ განაცხადა.
„როდესაც საპროკურორო საქმიანობის რეფორმებზე ვსაუბრობდით, თავიდანვე ითქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს მოქმედ კანონმდებლობაში არის მკაფიო ზღვარი საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის, რაც შემდგომში იწვევს პასუხისმგებლობის გაურკვევლობას, ფუნქციების დუბლირებას. ეს ცალსახად აისახება ხარისხზე.
მოხარული ვარ, რომ შსს-სთან ერთად ძალიან მცირე დროში შევძელით, ჩამოგვეყალიბებინა ერთიანი ხედვა, როგორ უნდა მოხდეს საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარის დადგენა კანონმდებლობის საფუძვლზე.
სამუშაო რეჟიმში გარკვეული მოდელები მოვთელეთ და მზად ვართ, საჯაროდ გამოვიტანოთ განსახილველად. ორივე უწყებას გვსურს, გამოძიებაც და საპროკურორო ზედამხედველობაც ეფექტური იყოს“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მისივე თქმით, გამომძიებელსა და პროკურორს შორის კომუნიკაციის 98% არის სატელეფონო და უმჯობესია, ეს დოკუმენტურ ფორმად იქცეს.
„რაც შეეხება ამ მკვეთრი ზღვარის არსებობას, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია კვალიფიკაციის ნაწილი და მეორე – კომუნიკაციის ფორმები. დღეს არსებული ანალიზის საფუძველზე ჩანს, რომ გამომძიებელსა და პროკურორს შორის კომუნიკაციის 98% არის სატელეფონო და უმჯობესია, ეს დოკუმენტურ ფორმად იქცეს და საქმეში ჩანდეს, რა ნაწილში მონაწილეობდა გამომძიებელი და ღონისძიებებს ახორციელებდა პროკურორი.
მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო რეფორმის წამოწყება იმ კუთხით, რომ ზუსტად ვიცოდეთ, სად იწყება გამომძიებლის უფლებამოსილება და სად მთავრდება ეს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. თუ კანონმდებლობა ამ მიმართულებით მკაფიო იქნება და ჩამოაყალიბებს ორივე ამ ძირითადი მოთამაშის ფუნქციებსა და მოვალეობებს, შედეგიც ცალსახად იქნება ხარისხიანი, ნდობის ხარისხი ამ მიმართულებით იქნება გაზრდილი“, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.