შალვა თადუმაძე - გადაჭრილია ის კრიზისი, რის გამოც აღმოვჩნდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე
არაორდინალურ სიტუაციაში აღმოვჩნდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, თუმცა კრიზისი, რაც არსებობდა პროკურატურაში და რის გამოც ეს ცვლილება განხორციელდა, დღეს გადაჭრილია, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის კითხვის პასუხად განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ სწორი ღონისძიებების განხორციელების შედეგად პროკურატურა ნდობის მოპოვებას შეძლებს.
„დღეს ეს კრიზისი გადაჭრილია და შესაბამისად, კონკრეტული დაზარალებულის ნდობაც პროკურატურის მიმართ არის არსებითად შეცვლილი. ეს მისი საჯარო განცხადებაა და არა ჩემი. მე მიმაჩნია, რომ ასეთი სწორი ღონისძიებებით – დაზარალებულებთან სწორი კომუნიკაციით, ბრალდებულთან სამართლიანი მოპყრობით, ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია პროკურატურა ჯერ დაუბრუნდეს ნდობის იმ მაჩვენებელს, რაც კრიზისამდე არსებობდა და შემდეგ განახორციელოს განვითარება“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მისი თქმით, პროკურატურა ნდობის მოსაპოვებლად კონკრეტულ ღონისძიებებს ახორციელებს.
„ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის, განათლების რეფორმაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიაზე. ასე, რომ ის ერთობლიობა, რაც პროკურატურაშია დაგეგმილი, ხორციელდება და გარკვეულწილად შედეგების არსებობაც მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურის დინამიკა არის განვითარებული“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.