შალვა თადუმაძე - საქართველოში ცხოვრობდა ორი მილიარდერის ოჯახი და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი
ჩემ განათლებაზე კითხვები საიდან გაჩნდა არ მესმის, რადგან 17 წლის განმავლობაში უკანასკნელი ორი დღეა უმუშევარი ვარ, არც ერთი დღე არ არსებობდა, რომ მე როგორც იურისტი არ ვყოფილიყავი დასაქმებული, -ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.
კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი დაინტერესდა, შალვა თადუმაძის განათლებით და აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობას განსაკუთრებული განათლება სჭირდება.
„ჩვენ გვაქვს ერთადერთი პროფესია გენერალური პროკურორის, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ განათლებას. მხოლოდ ამ პროფესიის ადამიანს უწერია, რომ უნდა იყოს სისხლის სამართლის იურისტი. თქვენ ნებისმიერ თანამდებობაზე, მათ შორის პრემიერ-მინისტრად უსიტყვოდ დაგიჭერდით მხარს, თქვენ ამ ნდობას როგორც ადამიანი ნამდვილად იმსახურებთ. მინდა, უფრო მეტი მითხრათ თქვენი პროფესიის შესახებ. მითქმა მოთქმის საგანი რომ არ იყოს და ამ მხრივაც არ ვთხოულობდეთ საზოგადოებისგან შეღავათებს, ეგებ ამაზე უფრო მეტად ვისაუბროთ”, – მიმართა ენძელა მაჭავარიანმა შალვა თადუმაძეს.
როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, არასდროს ყოფილა დაუსაქმებელი და მასზე, როგორც იურისტზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო.
„ცოტა მიჭირს ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ორი მილიარდერის ოჯახი და ორივე მილიარდერის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი. ამ ქვეყანაში რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი, როგორც ადვოკატი, მათ შორის ერთი პარლამენტის დარბაზში თქვენს გვერდზე მჯდომია. ამ დიპლომით შევძელი, რომ ექვსი წელი მემუშავა საკანონმდებლო ინიციატივებზე მთავრობის ნაწილში და ექვსი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პარლამენტში მოხვდა, ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო იმ კანონების განხილვაში, რომელსაც ან პირადად მე ვწერდი, ან პირადად ვიღებდი ამაში მონაწილეობას. ჩემ განათლებასთან დაკავშირებით კითხვები საიდან გაჩნდა არ მესმის, რადგან 17 წლის განმავლობაში უკანასკნელი ორი დღეა უმუშევარი ვარ არც ერთი დღე არ არსებობდა, რომ არ ვყოფილიყავი დასაქმებული როგორც იურისტი”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
პარლამენტში წარდგენილი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, შალვა თადუმაძე 1994 – 1998 წლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო ინჟინრის პროფესიას დაეუფლა, ხოლო 1994 – 1999 წლებში, იურისტის განათლება თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში მიიღო.