შალვა თადუმაძე - ბოდიში, რომ დავიბადე ქვეყანაში, სადაც ასეთი განათლების სისტემა იყო
შალვა თადუმაძე - ბოდიში, რომ დავიბადე ქვეყანაში, სადაც ასეთი განათლების სისტემა იყო

მესია ხომ არა ვარ, ვერ ავიღებ ჩემს თავზე 90-იანი წლების განათლების სისტემას, შემიძლია, ვისაუბრო ჩემს დიპლომზე, სამართლებრივ შემადგენლობებზე და კითხვებზე, პროკურატურაზე, სასამართლოზე, ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ასეთ ქვეყანაში დავიბადე, ასეთი განათლების სისტემა იყო, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ მას არ ჰქონდა დიპლომის მოპოვების უფლება.

„არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ არ მაინტერესებს სად იყო გახსნილი, სადაც იყო გახსნილი სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის მიწისქვეშა გადასასვლელში უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე, მე ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით. მე ახლა ვერ ავიღებ იმაზე პასუხისმგებლობას 1997 წლამდე საბჭოთა განათლების კანონი რომ მოქმედებდა ამ ქვეყანაში. ეს თმენის ვალდებულება მესმის. მე მგონია, რომ ძალიან კარგია, საზოგადოებამ დაინახა, ეს არის შემთხვევა, რომ გენერალური პროკურორი თავს აძლევს უფლებას ამ ფორმატში გამოვიდეს საზოგადოების წინაშე და ყველაზე კრიტიკულ კითხვებს გასცეს პასუხი. გენერალურ პროკურორს საკანონმდებლო რეგულაციებით, აღნიშნულის ვალდებულება არ გააჩნია, მაგრამ ამ ფორმატში მე ვალდებული ვარ, როგორც კანდიდატი, გამოვიდე და ვისაუბრო ყველა თემაზე. გაიხსენეთ შემთხვევები, რომელ დეპუტატს შეეძლო მოქმედი გენერალური პროკურორისთვის ისეთი შეურაცხყოფები მიეყენებინა, რომელიც მე აქ მოვითმინე და ეს თმენის ვალდებულება მე მგონი ჩემს დადებით მხარეზე მეტყველებს“, – განაცხადა თადუმაძემ.