შალვა ტაბატაძე - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტს, რომ კვალიფიციური მასწავლებელი მოამზადოს
ის, რაც აუდიტის დასკვნაში წერია, სიახლე და მოულოდნელობა არ ყოფილა, – ამის შესახებ განათლების სპეციალისტმა და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ თავმჯდომარემ, შალვა ტაბატაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„2019 წლამდე ჩვენ გვქონდა 2010-2014 წლები და მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი, რომელმაც მთელი ამ წლების განმავლობაში ანალოგიური სურათი აჩვენა. შესაბამისად, არ გვქონია მოლოდინი, რომ ამ თვალსაზრისით რამე გარღვევა იქნებოდა“, – განაცხადა ტაბატაძემ.
მისი თქმით, არსებულ შედეგებში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე თავად მასწავლებლები არიან და დამნაშავეა მთელი სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში მასწავლებელთა განვითარებას ვერ უზრუნველყოფს.
როგორც ტაბატაძემ აღნიშნა, ამ პროფესიაში არ მოდიან ყველაზე მაღალკვალიფიციური კადრები, ყველაზე ნიჭიერი ადამიანები და მეტიც, მათი კომპეტენცია ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტს, რომ კვალიფიციური მასწავლებელი მოამზადოს“, – განაცხადა ტაბატაძემ.
მისივე თქმით, მართალია, უნივერსიტეტი გარკვეულ განათლებას იძლევა, მაგრამ მასწავლებელი რეალურად ხდება სკოლაში, სასკოლო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობის გზით, რაც სკოლაში უნდა ხორციელდებოდეს.
„აუდიტის დასკვნაში საკმაოდ კრიტიკული იყო ტრენინგები, რომელსაც „მასწავლებლის სახლი“ ატარებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ამ ტრენინგებს ის შედეგები ვერ ექნება, რომ სკოლაში კვალიფიციური მასწავლებელი გვყავდეს, რადგან მასწავლებელი სკოლაში ვითარდება. ჩვენ კი, სკოლაში, სასკოლო დონეზე არ გვაქვს შექმნილი პროფესიული განვითარების სისტემა და არ გვყავს სასკოლო პროცესის ხელმძღვანელები, რომლებიც სასკოლო დონეზე ამის უზრუნველყოფას შეძლებენ. აბსოლუტურად მესმის, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ“ – განაცხადა ტაბატაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად თანმიმდევრულია სახელმწიფო პოლიტიკა, როდესაც საქმე განათლების სისტემის რეფორმირებას ეხება და არის თუ არა აქ ძირითადი პრობლემა, შალვა ტაბატაძემ განაცხადა, რომ ერთი პრობლემაა ზოგიერთ საკითხში არათანმიმდევრულობა და მეორე პრობლემაა ზოგიერთ საკითხში ზედმეტი თანმიმდევრულობა.
„მაგალითისთვის, თუ იგივე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას ავიღებთ, რომელიც 2015 წელს შემოვიდა და იმ პერიოდისთვის გარკვეული მოსაზრებებით პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღო, ჩვენ დღემდე ამ 2015 წლის გადაწყვეტილების მძევალი ვართ. ჩვენ ამაზე 2015 წელსვე ვსაუბრობდით, რომ ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო, რომ ამ სქემას, მსგავსი ტიპის კრედიტების დაგროვებას მასწავლებელთა კვალიფიკაციის ზრდასთან და მოსწავლეების მიერ ხარისხიანი განათლების მიღებასთან არანაირი ბმა არ ექნებოდა. ზოგიერთი მასწავლებელი უფროს მასწავლებლობაზე გაჩერდა და კვალიფიკაციის გაზრდა არ მოინდომა. ისინი კვალიფიკაციას ყოველდღე იზრდიან, მაგრამ უბრალოდ, ამ მასწავლებელთა ნაწილმა ჩათვალა, რომ იმ ბიუროკრატიულ სქემებში შესვლა მნიშვნელოვანი არ იყო და მნიშვნელოვანი იყო რეალური საქმით დაკავება“, – განაცხადა ტაბატაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სტატუსი კვალიფიკაციას არ განსაზღვრავს, ტაბატაძემ აღნიშნა, რომ ეს სწორედ ასეა.
„მეტსაც გეტყვით – ჩვენ არ ვიცით, საკლასო ოთახში რა ხდება და მასწავლებლებს რა შედეგები აქვთ, რადგან რომ არ გვაქვს არანაირი ანგარიშვალდებულების მექანიზმი და არანაირი ინფორმაცია, როგორ ხდება სასკოლო დონეზე სასწავლო პროცესი. რეალურად, საქართველოში ვერავინ ვერ იტყვის, რომელ მასწავლებელს აქვს უკეთესი შედეგი“, – განაცხადა ტაბატაძემ.