შალვა ტაბატაძე - საქართველოში ბევრი ადამიანია, ვისაც შეუძლია, საკუთარი ხედვებიდან გამომდინარე არაჩვეულებრივი სკოლები შექმნას
PISA-ს შედეგები მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, – ამის შესახებ განათლების სპეციალისტმა და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ თავმჯდომარემ, შალვა ტაბატაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამას მუდმივად აჩვენებდა ის ტენდენციები, რომელიც გვქონდა. სხვათა შორის, ისიც არ იყო მოულოდნელი, რომ 2015 წელთან შედარებით მდგომარეობა გაუარესებულია. არა იმიტომ, რომ განათლების სისტემა გავაუარესეთ. სხვაობა იმდენად მიზერულია, ამაზე დაფუძნებით ვერ იტყვი, რომ რაღაც გაუარესდა, ან გაუმჯობესდა“, – განაცხადა ტაბატაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეიძლება ითქვას PISA-ს ტესტის შედეგების მიხედვით, საქართველოში მოსწავლეები კარგად არ სწავლობენ თუ შესაძლოა, ცოდნა აქვთ, მაგრამ მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარს ვერ ფლობენ, შალვა ტაბატაძემ განაცხადა, რომ შეიძლება, ერთიც ითქვას და მეორეც.
„PISA -ს შედეგები ცალსახად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ თვალსაზრისით განათლების სისტემაში სერიოზული პრობლემები გვაქვს. თუმცა, ამის თქმის საშუალებას იძლევა არა მარტო PISA-ს შედეგები, არამედ ბევრი სხვა კვლევა, სხვა საერთაშორისო შეფასებები, შიდა ეროვნული კვლევები, იგივე საატესტატო გამოცდების შედეგები და ა.შ. მძიმე მდგომარეობა ცალსახად გვაქვს. თუმცა, არა იმიტომ, რომ PISA-მ აჩვენა ეს შედეგები. PISA-მ აჩვენა კონკრეტულ საგნებში კონკრეტული შედეგები. თუმცა, უნდა შევთანხმდეთ, რომ ზოგადი განათლება და მათ შორის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ბევრ სხვა კომპონენტს მოიცავს, რომლისთვისაც მზად უნდა იყოს კურსდამთავრებული, რომელიც სკოლას დაამთავრებს“, – განაცხადა ტაბატაძემ.
მისი თქმით, განათლების სისტემა მათ შორის, საზოგადოების განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად, მსჯელობა იმაზე კი არ უნდა მიდიოდეს, საზოგადოება რამდენად გულგრილია განათლებისადმი, არამედ იმაზე, რას აკეთებს განათლების სისტემა საზოგადოების განვითარებისთვის.
„იმას, რომ განათლების საკითხით მოსახლეობის ორი პროცენტია დაინტერესებული, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდი, რადგან ეს არც სამეცნიერო კვლევებით დასტურდება და არც რეალური მიდგომებით“, – განაცხადა ტაბატაძემ.
ამ განცხადებით შალვა ტაბატაძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ განათლების მკვლევარს, რეზო აფხაზავას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ერთ-ერთი კვლევის მიხედვით „ქვეყანაში განათლებას ორი პროცენტი ასახელებს პრობლემურ საკითხად“.
განათლების სპეციალისტმა ასევე განაცხადა, რომ ქალაქის სკოლებში მართვის სხვადასხვა მოდელის ამუშავების ძალიან ბევრი შესაძლებლობაა.
„საქართველოში ბევრი ადამიანია, ვისაც განათლების სისტემაში თავისი ხედვები გააჩნია და შეუძლია, საკუთარი ხედვებიდან გამომდინარე არაჩვეულებრივი სკოლები შექმნას. თუ მათ საშუალება მიეცემათ, ამის გარკვეული მექანიზმები არის. მათ შორის, პრაქტიკაში გვქონია თავისუფალი სკოლების მექანიზმი, საავტორო სკოლები, რომლებმაც ეფექტურად იმუშავა. თუ ამ მექანიზმებს ავამუშავებთ, ქალაქში ამის განხორციელება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. აი, მაღალმთიან სოფლებში, სადაც სხვა ტიპის პრობლემებია, სხვა მიდგომები შეიძლება, ავამუშაოთ, თუ რა თქმა უნდა, ეს იქნება ხედვა, მოსწავლის ხარისხიანი განათლებიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური პარტიის მიზნებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ტაბატაძემ.