შალვა შავგულიძემ იურიდიულ კომიტეტზე უპასუხოდ დატოვა კითხვა, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის გაწვევის ინიციატივის განხილვა მიმდინარეობდა, უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატთა შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დეპუტატებმა დავით მათიკაშვილმა და ვანო ზარდიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელ შალვა შავგულიძეს დაუსვეს კითხვა, თვლის თუ არა ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას პოლიტპატიმრებად.
„იურიდიულ კომიტეტზე ახლა განიხილება ჩემი და ოთარ კახიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრებს არ გაგაჩნიათ არგუმენტი ამ წინადადების არ მიღებისათვის, მაგრამ გაქვთ დავალება და ვალდებულება, რომ ეს წინადადება არ უნდა მიიღოთ, გადაგყავთ თემა რაღაც პოლიტიკურ შეკითხვებზე, პოლიტპატიმარი არის თუ არა მავანი და ასე შემდეგ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს დანაშაულებრივი გარიგება იუსტიციის საბჭოს კლანთან. ვერ ხვდებით, რომ იურიდიულ კომიტეტზე არ განიხილება ვანო მერაბიშვილის საქმე. მე რომ მერაბიშვილისა და ახალიაიას უსამართლობას ვებრძოდი მათიკაშვილო, შენ სად იყავი მაშინ? ან შენ სად იყავი ზარდიაშვილო? არსებობდით საერთოდ ამ ქვეყანაზე?“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
თავის მხრივ, დავით მათიკაშვილმა შალვა შავგულიძეს უპასუხა:
„ჩვენ მორალზეც დავიწყეთ ლაპარაკი და იმიტომ გკითხეთ, თორემ ამ კითხვის დასმას არ ვაპირებდი. რატომ განერვიულდით ასე, გაგვეცით პასუხი, არის თუ არა პოლიტპატიმარი ვანო მერაბიშვილი? თქვენ ახლა იმ ხალხის გვერდით დგახართ, ვინც ვანო მერაბიშვილთან და ბაჩო ახალაიასთან ერთად შექმნეს სისხლიანი სისტემა, რომელმაც მოკლა სანდრო გირგვლიანი. მათ გვერდზე დგახართ, რა მორალზე მელაპარაკებით“, – მიმართა დავით მათიკაშვილმა შალვა შავგულიძეს.