შალვა შავგულიძე - საკასაციო პალატა, რომლის წევრიც მურუსიძე გახლდათ, ვალდებული იყო, გირგვლიანის საქმეზე ჩვენი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა
შალვა შავგულიძე - საკასაციო პალატა, რომლის წევრიც მურუსიძე გახლდათ, ვალდებული იყო, გირგვლიანის საქმეზე ჩვენი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა

ბიძინა ივანიშვილს ეტყობა, იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებად მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში, მათი შენარჩუნება სასამართლო სისტემაში, რომ ამისთვის ცილისწამებას არ ერიდება, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ ბრიფინგზე პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააპელაციო ინსტანციაში ჩემს მიერ პირველი ინსტანციის განაჩენის არგასაჩივრებამ მოუსპო შესაძლებლობა საკასაციო ინსტანციის მოსამართლე ლევან მურუსიძეს, რომ დაეკმაყოფილებინა ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისთვის ქვემდგომ ინსტანციებში დაებრუნებინა. გირგვლიანის საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატას, რომლის წევრიც მოსამართლე ლევან მურუსიძე გახლდათ, არამხოლოდ პროცესუალურად შეეძლო საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისთვის სააპელაციო ინსტანციაში ჩვენი საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება, არამედ არსებითადაც ვალდებული იყო, ეს მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, რაც თავისი საბოლოო გადაწყვეტილებით დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

რაც შეეხება საკითხს, რატომ არ გასაჩივრდა გირგვლიანის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციაში, შალვა შავგულიძემ აღნიშნა: „მაშინდელი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო, მოეთხოვა არც მსჯავრდებულების ქმედებისათვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება და არც საქმის გამოძიებაში დაბრუნება, დანაშაულში სხვა პირთა მხილების მიზნით. ანუ ჩვენ არ შეგვეძლო სააპელაციო სასამართლოს წინაშე დაგვეყენებინა ის მოთხოვნები, რომლებიც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისა და დაზარალებული მხარის ინტერესებს შეესაბამებოდა“.

„ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ მსჯავრდებულებისთვის, მათი ქმედების არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში, ცოტა უფრო მძიმე სასჯელის დაკისრება მოგვეთხოვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, რომ თუ სასამართლო ჩვენს ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, გირგვლიანის საქმის წარმოება სააპელაციო ინსტანციაში დასრულდებოდა და ჩვენ აღარ გვექნებოდა არც საკასაციო ინსტანციისთვის და არც ევროპის სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვის შესაძლებლობა, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციის მიერ დაკმაყოფილებული იქნებოდა ჩვენს მიერ სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრით დაყენებული მოთხოვნა. შექმნილ ვითარებაში, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაგვესაჩივრებინა, რათა გარანტირებულად შეგვენარჩუნებინა ევროპის სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა. დაზარალებულის ინტერესების დაცვის ჩვენს მიერ არჩეული აღნიშნული ტაქტიკის სისწორე, გირგვლიანის საქმეზე ევროპის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით დასტურდება“,-აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

შალვა შავგულიძემ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა „თავისუფალი დემოკრატებისა და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკად გაერთიანებაზე.

„როგორც ჩანს, ბატონი ივანიშვილი ძალიან შეაშფოთა „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკად გაერთიანებამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში და აღარაფრის ერიდება ჩემი, როგორც ამ ბლოკის მიერ წარდგენილი მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატის, დისკრედიტაციისათვის“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელების, ანაკლიის პორტის, „თიბისი ბანკის“, ქართული კინოწარმოებისა და სხვა თემების შესახებ ისაუბრა.