შალვა შავგულიძე - „ქართულმა ოცნებამ“ როგორც კი დაინახა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შედის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დაჩქარებულად მიიღო
„ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრის, შალვა შავგულიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ როგორც კი დაინახა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შედის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დაჩქარებულად მიიღო.
მისი თქმით, ოპოზიცია პრეზიდენტს მიმართავს, რომ მესამე მოსმენით დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადოს. ასევე ოპოზიცია არ გამორიცხავს ალტერნატიული კანონპროექტის შემუშავებასაც.
„სამწუხაროდ, ვხედავთ, „ქართულმა ოცნებამ“ როგორ დაჩქარებით მიიღო კანონპროექტი. აქ მინდა აღინიშნოს, რა მნიშვნელობა აქვს, რეალური ოპოზიციის ყოფნას პარლამენტში. მათ, როგორც კი დაინახეს, რომ ოპოზიცია შედის პარლამენტში, შეეცადნენ ამ კანონპროექტის მიღებას. ერთი მექანიზმი, რითაც შეიძლება ამ კანონპროექტის შეჩერება, არის პრეზიდენტის ვეტო და მეორე მექანიზმი არის ჩვენ მიერ ახალი კანონპროექტის ინიცირება. ვისაუბრეთ ამ შესაძლო ვარიანტებზე, რომ ჯერ მივმართავთ პრეზიდენტს ვეტოს თაობაზე, ასევე არ გამოვრიცხავთ ისეთი კანონპროექტის შემუშავებას, რომელიც ამ კანონის მოქმედებას შეაჩერებს. ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა შავგულიძემ.
მისივე თქმით, ის საკანონმდებლო საქმიანობაში უკვე ჩართულია.