შალვა შავგულიძე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საგნობრივი განსჯადობის არეალის გაფართოებას ითხოვს
შალვა შავგულიძე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საგნობრივი განსჯადობის არეალის გაფართოებას ითხოვს

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ინიციატივით გამოდის, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საგნობრივი განსჯადობის არეალი გაფართოვდეს.

როგორც ჟურნალისტებს შავგულიძემ განუცხადა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განსჯადობის არეალის გაფართოება ხელს შეუწყობს სასამართლოზე პოლიტიკური გავლენების შემცირებას, რადგან ხელისუფლებისთვის უფრო ძნელი იქნება, კონკრეტულ საქმეზე ნაფიცმსაჯულთა სრულ შემადგენლობაზე მოახდინოს გავლენა, ვიდრე ერთ მოსამართლეზე.

„სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომლის განხორციელებაც ამჟამად რეალურად გვეჩვენება, მაგრამ სასამართლო სერიოზულ ინსტიტუციურ რეფორმას ითხოვს. ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის საგნობრივი განსჯადობა უნდა მოიცავდეს ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებს, რაც არის – დანაშაულები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ, ასევე პირადი ცხოვრების წინააღმდეგ“, – განაცხადა შავგულიძემ.

შალვა შავგულიძე საკუთარ ინიციატივას ამ წუთებში, „ევროპული საქართველოს“ წევრებს აცნობს, შეხვედრას დამოუკიდებელი დეპუტატები ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილიც ესწრებიან.