შალვა შავგულიძე გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეშლა დანაშაულად გამოცხადდეს
ოპოზიციონერი დეპუტატი შალვა შავგულიძე გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის ხელის შეშლა დანაშაულად გამოცხადდეს.
შესაბამისი ცვლილებები დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინა.
კანონპროექტის მიხედვით, დანაშულები გამოიხატება შემდეგ ქმედებებში:
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ან/და მისგან გამომდინარე სხვა ხელშეკრულებით/შეთანხმებით, ევროპის კავშირთან, ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოსთან, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებული ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებით/შეთანხმებით, აგრეთვე ევროპის კავშირის, ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით სხვა სახელმწიფოსთან, საჯარო ან კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, ან სხვა ქმედება, რამაც ევროპის კავშირის, ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის დახმარების (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტის) შეჩერება, შეწყვეტა ან პირობით შეთანხმებულ დახმარებაზე (მათ შორის, შეღავათიან კრედიტზე) უარის თქმა, საქართველოს მიმართ სხვა სანქციის გამოყენება, ან საქართველოს ინტერესისთვის სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია;
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობასთან ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, ან სხვა ქმედება, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის შეჩერება, ორგანიზაციიდან გარიცხვა, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრისთვის ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილე მხარისთვის გათვალისწინებული სხვა სანქციის გამოყენება, ან საქართველოს ინტერესისთვის სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია;
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს, ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ სუბიექტთან, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაბამისი სანქციის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა სახის ურთიერთობის დამყარებაში.
კანონის პროექტის მიხედვით, აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ქმედება ჩადენილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.