შალვა შავგულიძე - ძლიერ საზოგადოებრივ წნეხს შეუძლია, აიძულოს „ქართული ოცნება“, რეალურად დათმოს მთავარი პროკურორის თანამდებობა
საზოგადოებრივ წნეხს შეუძლია აიძულოს ხელისუფლება, მთავარ პროკურორად დაინიშნოს არა მისთვის სასურველი, არამედ საზოგადოებისთვის სანდო პერსონა, – ამის შესახებ პროკურორობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.
როგორც შავგულიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ უშუალოდ არ აიღო პასუხისმგებლობა თავად დაებლოკა მისთვის არასასურველი კანდიდატი, ამას საპროკურორო საბჭოს დაავალებს.
„შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ძლიერ საზოგადოებრივ წნეხს შეუძლია, აიძულოს „ქართული ოცნება“ რეალურად დათმოს მთავარი პროკურორის თანამდებობა. ასეთმა საზოგადოებრივმა წნეხმა აიძულა ხელისუფლება გადაეყენებინა მთავარი პროკურორი, ასეთ წნეხს შეუძლია აიძულოს ხელისუფლება მთავარ პროკურორად დაინიშნოს არა მისთვის სასურველი არამედ საზოგადოებისთვის სანდო პერსონა”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი წარუდგინა – შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი. მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი.