შალვა შავგულიძე იღებს „ევროპული საქართველოს“ შეთავაზებას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენის შესახებ
მივიღებ გამოწვევას ჩემი კანდიდატურის წარსადგენად მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, თუმცა ვფიქრობ, მმართველი გუნდი ამას არ დაუშვებს, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომელსაც მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად „ევროპული საქართველო“ ასახელებს.
„მაშინ, როდესაც სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ ასე მწვავედ დადგა სამართლიანობის მოთხოვნა, როდესაც საზოგადოებამ უნდობლობა გამოუცხადა ქვეყნის მთავარ პროკურორს, რის შედეგადაც ის გადადგა, თუ საზოგადოება, მისი გარკვეული ნაწილი ჩემს მიმართ გამოხატავს ნდობას სამართლიანობის აღდგენის, სამართლის დაცვისა და მისი მსახურების საკითხში, მე არ გავექცევი ამ პასუხისმგებლობას და მივიღებ ამ გამოწვევას“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
მისი თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს წყვეტს მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალა.
„ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს ჩემი კანდიდატურის დანიშვნას, მაგრამ ახლა მე ჩავთვალე თავი ვალდებულად, გამეკეთებინა განცხადება და გამომეხატა ჩემი პოზიცია „ევროპული საქართველოს“ მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით.
ვაცხადებ, რომ არ გავურბივარ ამ პასუხისმგებლობას და თანხმობას ვაცხადებ ამ შემოთავაზებაზე“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
„ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას წარადგენს.
მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა. მისი გადადგომა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.
მთავარი პროკურორის არჩევის წესის თანახმად, მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებული პროცედურები იწყება მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე, ხოლო, თუ მთავარ პროკურორს უფლებამოსილება ვადის გასვლამდე შეუწყდა – უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესების პროცესში ჩართულია, როგორც საპროკურორო საბჭო, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. მთავარი პროკურორის არანაკლებ სამ კანდიდატურას (რომელთაგან ერთი მესამედი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის) ასახელებს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარე – იუსტიციის მინისტრი. მინისტრი ერთი თვის განმავლობაში წინასწარ კონსულტაციებს გადის აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.