შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს მიმართა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დაჩქარებული მოსაზრება შეიმუშაოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილით მიმართა.
პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს სთხოვს, შეიმუშაოს დაჩქარებული მოსაზრება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც იურიდიულმა კომიტეტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით განიხილა.
„თქვენო აღმატებულებავ, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა.
ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თან ერთვის ამ წერილს.
მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის, შესრულებასთან, რაც საქართველოსთვის ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება ასევე გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება.
აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშაოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე.
გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა“, – წერს პაპუაშვილი წერილში.