შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას მიმართა - მილიონ მოქალაქეს, რომელმაც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, მოიხსენიებთ ადამიანებად, რომლებსაც რუსული ოცნებები აქვთ? ეს არის სიძულვილის გაღვივება საზოგადოებაში
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვაზე უაყოფითი გადაწყვეტილების მიღებას კამათი მოჰყვა. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება.
„შემთხვევით იმით ხომ არ არის განპირობებული თქვენი გადაწყვეტილება, აღნიშნული ინიციატივა საერთოდ არ განიხილოთ, რომ, როგორც წესი, „რუსული ოცნება“ ვერ იყენებს გაყალბების მექანიზმებს საზღვარგარეთ, შესაბამისად, საზღვარგარეთ ოპოზიცია არჩევნებს ყოველთვის იგებს. ეს პოლიტიკური მოცემულობა ხომ არ განაპირობებს იმ ფაქტს, რომ თქვენ გსურთ, ამ ადამიანებს საარჩევნო უფლება წაართვათ, მათ აუკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა? ჩვენი შემოთავაზებაა, რომ მოვიფიქროთ რამე გონივრული წესი, იქნება ეს ელექტრონული ხმის მიცემა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, იქნება ეს საფოსტო თუ ნებისმიერი სხვა მეთოდი, რათა ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს, საუბარია დაახლოებით 700 ათას მოქალაქეზე, მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ეს არის საერთო ოპოზიციური ინიციატივა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვისი ამომრჩეველიც არ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, მას მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საპასუხოდ, თინა ბოკუჩავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმართა, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია.
„ქალბატონო თინა, მინდა, შენიშვნა მოგცეთ „რუსული ოცნების“ ხსენებაზე, სიძულვის ენით გაჟღენთილია თქვენი დამოკიდებულება. 700 ათას მოქალაქეზე ბრძანებდით ახლა და საქართველოს მილიონ მოქალაქეს, მილიონ ქართველს, რომელმაც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, თქვენ მოიხსენიებთ ადამიანებად, რომლებსაც რუსული ოცნებები აქვთ? ეს არის სიძულვილის გაღვივება საზოგადოებაში და გთხოვთ, რომ ამისგან თავი შეიკავოთ. თქვენ კოლეგებს მოიხსენიებთ რუსებად, უკვე მეორე შეურაცხყოფაა ბიუროს სხდომაზე. ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის რჩეულების მიმართ მიუღებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.