შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას მიმართა - სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში საეჭვოს ვერაფერს ხედავთ? პრობლემაც ეს არის, თუ არ გინდათ, რიყეზე ისე გახვალთ, ქვას ვერ დაინახავთ
სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში საეჭვოს ვერაფერს ხედავთ? თქვენ თუ არ გინდათ, რიყეზე ისე გახვალთ, ქვას ვერ დაინახავთ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელიც დაინტერესდა: „შეიძლება თუ არა სუს-ის განცხადება, და არა გამოძიების შედეგი, გახდეს საფუძველი შეკრებისა და მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლების, დემოკრატიული ნორმების შეზღუდვის?“
აქუბარდიას თქმით, „შეთქმულებების და გადატრიალებების სერიები უკვე გასცდა შიდა პოლიტიკას, ანტიამერიკული პროპაგანდის მძლავრი კამპანიის სახე მიიღო და იმდენად ალოგიკურად ეჩვენება ეს ყველაფერი, რომ სერიოზულად საუბარი უჭირს“.
საპასუხოდ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდი პრობლემაა, როცა სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასერიოზულად აღიქვამენ.
„თქვენ, ადამიანი, რომელიც პოზიციონირებთ როგორც უსაფრთხოების ექსპერტი, ამ საკითხს ასე არასერიოზულად რომ უყურებთ, მგონი, ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა; მეორე – ასეთი გამოთქმა გვაქვს – ადამიანს თუ არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს. მგონი, თქვენ ნახეთ დღეს კადრები და თუ არ გინდათ, რა თქმა უნდა, იქ ვერაფერს დაინახავთ. თქვენ ხომ გამომძიებელი არ ხართ, თქვენ ხომ უსაფრთხოების ექსპერტი ხართ? თქვენი ექსპერტული, პატრიოტული გადმოსახედიდან, აქ საეჭვოს ვერაფერს ხედავთ? პრობლემა ეს არის. თქვენ თუ არ გინდათ, რიყეზე ისე გახვალთ, ქვას ვერ დაინახავთ. ასე რომ, განცხადება იქნება თუ სხვა რამე საფუძველი, არ ვიცი. უბრალოდ, განმარტებას მოგცემთ კანონპროექტზე, ჩვენ აქ შინაარს არ განვიხილავთ. ინიცირებული არის კანონპროექტი, ყველა ეს არგუმენტი, რაც შეეხება კანონპროექტის კონსტიტუციურობას თუ სტანდარტების შესაბამისობას, შეგიძლიათ კომიტეტში წარმოადგინოთ და გქონდეთ ცხარე კამათი ამასთან დაკავშირებით, როგორც კომიტეტში, ისე პლენარული სხდომის დროს. ჩვენ აქ ვწყვეტთ ორ საკითხს. ერთია, რომ ინიცირებული პროექტი უნდა გადავცეთ კომიტეტებს, დავადგინოთ კომიტეტი და მეორე, ვწყვეტთ საკითხს, იყოს თუ არა კანონპროექტი დაჩქარებული. გთავაზობთ, მოვუსმინოთ ინიციატორს, რატომ უნდა იყოს დაჩქარებული. გთხოვთ, მოვერიდოთ შინაარსობრივ განხილვას, რადგან ბიურო არ არის ამის ასპარეზი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ცვლილებებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. პროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
ინიციატორები ცვლილებების მომზადების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებას ასახელებენ. მათი თქმით, აღნიშნული განცხადების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ იქნა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.