შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას მიმართა - გილოცავთ, კარგ საზოგადოებაში ზიხართ, ზუსტად შეარჩიეთ ადგილი, სადაც უნდა დამჯდარიყავით
ერთადერთი სიყალბე, რაც ამ პარლამენტში არის, შეგიძლიათ სარკეში დაინახოთ ყოველდღე, – ასე მიმართა პარლამენტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ თეონა აქუბარდიას.
თეონა აქუბარდიამ პარლამენტის სესიაზე უმრავლესობის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები მოქალაქეებს ატყუებენ.
„თქვენი საუბარი ისეთივე ყალბია, როგორც მთელი ის სპექტაკლი, რომელსაც აჩვენებთ ქართველ ხალხს შუშის „ბუტკით“ თუ ჩაწერილი ტაშით. თქვენი სიყალბე კარგად იცის ქართველმა ხალხმა და ქართველი ხალხი გაგცემთ პასუხს“, – აღნიშნა აქუბარდიამ.
საპასუხოდ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ თეონა აქუბარდიას საქციელი არის სიყალბის მაგალითი პარლამენტში.
„როგორც იმოძრავეთ ზიგზაგებით ოპოზიციაში ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფში, ეს არის სიყალბე. თქვენი საქციელი ამ პარლამენტში ყოფნის, პირველ რიგამდე რომ მოაღწიეთ, ეს არის სიყალბე. გილოცავთ, კარგ საზოგადოებაში ზიხართ. რაც შეეხება სიყალბეს, ზუსტად შეარჩიეთ ადგილი, სადაც უნდა დამჯდარიყავით“, – მიმართა პაპუაშვილმა აქუბარდიას.
ცნობისთვის, 30 აგვისტოს თეონა აქუბარდია პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა.