შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა
შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა

გასულ წელს, 11-16 ოქტომბერს რუანდის დედაქალაქ კიგალში, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს მუდმივმოქმედ დელეგაციას საქართველოს პარლამენტი უმრავლესობისა და ოპოზიციის შემადგენლობით ესწრებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სესიაზე საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ასამბლეას 125-მდე ქვეყანა და 600-მდე პარლამენტის წევრი ესწრებოდა.

მისი განცხადებით, ასამბლეის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ საფრთხეებზე და არაღიარების პოლიტიკაზე.

„ასამბლეას 125-მდე ქვეყანა და 600-მდე პარლამენტის წევრი ესწრებოდა – აქედან 40 პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ამ ასამბლეის ფარგლებში შევხვედროდით 19 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას ოთხი კონტინენტიდან. დელეგაციის ფარგლებში, 14 პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდით. მათ შორის: კორეის, სიერა-ლეონეს, კოტ დივუარის, ავსტრალიის, რუანდის, მალავის, ფიჯის, სეიშელის, ტანზანიის, გაიანის, სერბეთის, ბოცვანის, ნამიბიის, ესვატინის, ჩილის, ინდოეთის, იორდანიის, ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციებს. ასევე, გვქონდა შეხვედრა უკრაინის საპარლამენტო დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა უკრაინის რადას ვიცე-სპიკერი. შეხვედრებზე საუბარი გვქონდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, არაღიარების პოლიტიკაზე. მნიშვნელოვანია ასეთი ასამბლეების გამოყენება, რათა გვქონდეს უშუალო კონტაქტი კოლეგებთან, რომლებთანაც შეიძლება, გეოგრაფიულად არ გვქონდეს ხშირად მჭიდრო კომუნიკაცია,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. შეხვედრის ფარგლებში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიებზე უკანონო შეჭრას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.