შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სთხოვა, შესაბამისი სამთავრობო უწყებიდან სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვოს
შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სთხოვა, შესაბამისი სამთავრობო უწყებიდან სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სთხოვა, სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი სამთავრობო უწყებიდან ინფორმაცია გამოითხოვოს.

შალვა პაპუაშვილმა კომიტეტს მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „სანქციების საკითხი იქცა ერთ-ერთ ზედმეტად პროპაგანდისტულ თემად სხვადასხვა მხრიდან. თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო რეალურად რამდენიმე მიმართულებით შეერთებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს. სიცხადის შესატანად, ხომ არ შეიძლებოდა, რომ კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებას, ალბათ ესაა მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი, ძალიან მკაფიოდ განემარტა და ჩამოეთვალა შიდა და გარე მოხმარებისთვის კონკრეტულად რა შეზღუდვებია დაწესებული 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გამო“.

პაპუაშვილის თქმით, ამ თემაზე სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა დროს ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა შესაძლოა, თავმოყრილად არ არის მოცემული და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სთხოვა, აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვოს.

„თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, შესაძლოა, ეს გაბნეულად არის, მაგრამ არაერთხელ ითქვა, მათ შორის თებერვალში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებთან დაკავშირებით გარკვეულ გადაწყვეტილებებზე. მანამდე, ყირიმთან დაკავშირებით, როდესაც საქართველომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო. ანუ, ამაზე სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა დროს ინფორმაცია იყო, შესაძლოა, თავმოყრილად არ არის. თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამაზე ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია თავმოყრილი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მეშვეობით ვთხოვ, რომ კომიტეტმა აღნიშნული ინფორმაცია იქნებ, გამოითხოვოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.