შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, ვალერი ღაბუს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას ხანგრძლივი ნაყოფიერი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ენერგოკრიზისს ევროპაში და საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებას.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ივნისში საქართველოში იმართება ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სამიტი.

ვალერი ღაბუმ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ივნისში საფრანგეთში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობას საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებისთვისა და საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ფრანგული მხარისთვის ინფორმაციის გაზიარებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.