შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტს სიტყვით მიმართა
შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, იმ ადგილას, სადაც საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე პარლამენტარიზმს და ვსაუბრობდე საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის მდიდარ, დინამიკურ და მრავალგანზომილებიან ურთიერთობებზე.

პირველ რიგში, მსურს, ხაზი გავუსვა იმ დიდ დახმარებას, რომელიც თქვენმა დიდებულმა ქვეყანამ გაუწია საქართველოს ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე. მნიშვნელოვანი იყო როგორც თქვენი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ტექნიკური დახმარება. მადლობას გიხდით, ასევე, აკადემიური გაცვლითი პროგრამებისთვის, რომლებიც დაეხმარა ჩვენს ახალგაზრდობას, ჩემს თაობას, საფრანგეთში სწავლაში, რათა შეგვძლებოდა იმ აუცილებელი რეფორმების განხორციელება, რის შედეგადაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ არსებით პროგრესს მიაღწია. დღეს კი საქართველო უკვე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იღვწის.

ჩვენს ქვეყნებს შორის ამჟამინდელი თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი მხარდაჭერას. მივესალმებით ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას, რაც ადასტურებს ქართულ-ფრანგული პარტნიორობის სტრატეგიულ ხასიათს, რაც სცდება რეგიონულ პოლიტიკას და საერთაშორისო განზომილებებს აღწევს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საფრანგეთის მხარდაჭერა არსებითი იყო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წარმატებით შენარჩუნებაში.

„მადლიერები ვართ ამ ძალისხმევისთვის. ფართო შავი ზღვის რეგიონში ამჟამად არსებული გამოწვევებით სავსე უსაფრთხოების გარემოს ფონზე, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ, აგრეთვე, ვაფასებთ საფრანგეთის, როგორც წლების მანძილზე ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მნიშვნელოვან როლს საქართველოს ინსტიტუციურ, სოციალურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში.

მცირე ხნის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოლონა ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა. ეს იყო საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერი გამოვლინება. იმის ფონზე, რომ წინ მივიწევთ ჩვენს ევროპულ გზაზე, განსაკუთრებით იმედის მომცემი იყო მინისტრ კოლონას განცხადებები, რომელმაც დაადასტურა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისადმი საფრანგეთის მხარდაჭერა. საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ პერიოდში ჩვენ იმედს ვამყარებთ ჩვენი ფრანგი მეგობრების შემდგომ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრით ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა.

„ჩვენ ვცხოვრობთ გეოპოლიტიკური ცვლილებების მსოფლიოში, რაც იწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და გარემოსთან დაკავშირებულ არასტაბილურობას. საქართველოს შემთხვევაში, ეს მტკივნეული პროცესი გამოიხატება უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირების განახლებით და საქართველოს სამეზობლოში არსებული სხვა ტიპის კონფლიქტებით. უკრაინაში რუსეთის შეჭრით ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. ჩვენ კარგად გვესმის უკრაინის ტკივილი. საქართველომ გამოსცადა რუსული აგრესია 1990-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელს. ამ განგრძობითმა აგრესიამ შედეგად მოიტანა საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და საკუთარი ქალაქებიდან და სოფლებიდან ასიათასობით ადამიანის იძულებითი და უკანანო გაძევება. რუსული ოკუპაცია და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევა დღემდე გრძელდება უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციით“, საქართველოს მოქალაქეების გატაცებით, საქართველოს ტერიტორიის თითქმის მეხუთედის მცოცავი ანექსიით.

სამწუხაროდ, 1990-იან წლებში და 2008 წელს, ჩვენი თხოვნისა და გაფრთხილებების მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია დასავლეთის სათანადო რეაგირება. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და თავად ევროკავშირი საქართველოში რუსეთის ქმედებებს დღემდე არ უწოდებს შესაბამის სახელს – ოკუპაციას. ეს ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელიც აღიარებს რუსეთის ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე.

საბედნიეროდ, დღეს უკვე ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ევროპის ძლიერ, ერთიან და ეფექტიან რეაგირებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით არის, ქვეყანამ სოლიდარობა გამოხატა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებითაც.

„ჩვენ ვდგამთ მტკიცე ნაბიჯებს იმის მიუხედავად, რომ თბილისთან ახლოს უკანონო რუსული სამხედრო დანაყოფები დგას. საქართველო სამხედრო ესკალაციის მაღალი რისკის წინაშეა და ჩვენ არ ვართ დაცული ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგით, თუმცა არსებული საშუალებებით სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.

რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს თავის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს:

1. საქართველო რჩება ნატო-სა და ევროკავშირის სანდო პარტნიორად საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა მნიშვნელოვან სამშვიდობო მისიებში ავღანეთში და, ჩვენს ფრანგ პარტნიორებთან ერთად, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში;

2. ჩვენი რუსეთისადმი პოლიტიკა ეფუძნება პასუხისმგებლიან მიდგომას, რომელიც გვეხმარება რუსეთის მხრიდან პირდაპირი შეჭრის საფრთხის შემცირებაში და რომელსაც მხარს უჭერდნენ საფრანგეთი და სხვა სტრატეგიული პარტნიორები;

3. საქართველო რჩება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მნიშვნელოვან საყრდენად, რაც გამოიხატა, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის საკითხზე მედიაციაში;

4. საქართველო აგრძელებს გლობალური პარტნიორობის ჩამოყალიბებას ჩვენი მიწების რუსეთისგან დეოკუპაციისა და ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო არაღიარების მიზნით;

5. საქართველო ევროპის მოკავშირეა ისეთ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების საქმეში, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, უკვე ათწლეულებია, ევროპეიზაცია წარმართავს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. აგრეთვე, ევროპეიზაცია სტიმულს აძლევს საქართველოს დემოკრატიზაციის დღის წესრიგს.

„ამჟამად საქართველოს ევროკავშირის გზაზე უკვე აქვს ევროპული პერსპექტივა. აღარ არსებობს კითხვები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც ბევრი თაობა ოცნებობდა და იბრძოდა.

ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ 12 პრიორიტეტს, რათა მოგვენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა თითქმის ერთი წლის წინ, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე. განხორციელების ძალიან ინტენსიური, ინკლუზიური და გამჭვირვალე შიდა პროცესის ფარგლებში, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთო, ჩვენ შევასრულეთ პრიორიტეტების თითქმის 80%. ჩვენ ეს გავაკეთეთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებთან და, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირთან მჭიდრო თანამშრომლობით. მიუხედავად იმისა, თუ ვინ როგორ აფასებს ამ პროგრესს, ფაქტი ის არის, რომ ჩვენ ვქმნით საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე და გრძელვადიან ფუნდამენტს.

2023 წლის 19 აპრილს ევროკავშირს გადავეცით ჩვენი პირველი ანგარიში ევროკომისიის გაფართოების პაკეტისთვის, რომელიც ამა წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება. დოკუმენტი წარმოაჩენს წინა წლის განმავლობაში შესრულებულ დიდ სამუშაოს და აღწერს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, კონკურენციის, საჯარო შესყიდვების, ფინანსური სერვისების, შრომითი რეგულაციების, კანონის უზენაესობის, მომხმარებელთა უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის, მედიის თავისუფლების, სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სხვა სფეროებში მიღწეულ პროგრესს.

ვიმედოვნებთ, საქართველოს მიღწევები სათანადოდ შეფასდება და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული. მნიშვნელოვანია, აღარ მოხდეს საქართველოს განცალკევება ასოცირებული ტრიოს სხვა პარტნიორებისგან. 2023 წლის იანვარში ევროპული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მოწმობს საქართველოს არსებით პროგრესს ევროკავშირთან საკანონმდელო და ინსტიტუციური დაახლოების მხრივ თითქმის ყველა სექტორში. დოკუმენტი ადასტურებს, რომ საქართველო ლიდერია ასოცირებულ ტრიოს შორის და რომ უკვე ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. თუმცა, ისტორიის ეს თავი უკვე დავხურეთ და როგორც მომავალზე ორიენტირებული სახელმწიფო, გულმოდგინებით, შრომისმოყვარეობითა და იმედით ვიკვალავთ მომავლის გზას. შედეგად, ქართველი ხალხი და მთავრობა მოელის, რომ წელს საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აგრეთვე, მოველით, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყება უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას და სტიმულს მისცემს რეგიონის სხვა ქვეყნებს დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „საქართველო არა მხოლოდ იღებს ევროპული უსაფრთხოების და ეკონომიკურ სარგებელს, არამედ თავადაც შეაქვს წვლილი ევროპულ უსაფრთხოებაში, მათ შორის, აფრიკაში ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მისიების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით“.

„აგრეთვე, საქართველომ ნატო-ს ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედრო პერსონალის მიხედვით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ ევროპისთვის ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაცია მწვავე პრობლემად იქცა. ამჟამად საქართველო ე.წ. შუა დერეფნის კრიტიკული და განუყოფელი ნაწილია, რაც შესაძლოა გახდეს ევროპაში ენერგიის ალტერნატიული მიწოდების ყველაზე უსაფრთხო და მოკლე მარშრუტი. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტი, რომელიც ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის მწვანე განახლებადი ენერგიის ტრანზიტის შესაძლებლობებს ქმნის, ენერგორესურსების დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე ახალი პროექტია.

მზად ვართ, გავაგრძელოთ ევროკავშირთან მუშაობა შავ ზღვაში დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად, რათა გაიხსნას ენერგიის მიწოდების, ტვირთების გადაზიდვისა და ციფრული კავშირების ალტერნატიული მარშრუტები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და ევროპის მედეგობას.

ამ წლების განმავლობაში საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის საპასუხო რეაქციის რეალური და არსებული საფრთხის მიუხედავად, გამხდარიყო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი. იმის მიუხედავად, რომ საქართველო გახდა სრულად თავსებადი ნატო-სთან, ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო სტანდარტებზე მეტად განავითარა დემოკრატიული ინსტიტუტები და კონსტიტუციაში განამტკიცა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში საქართველოს მიღების მზაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ქვეყანა ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინშია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტეგრაციის პროცესში გვქონდეს ხელშესახები პროგრესი პოლიტიკური კუთხით. ჩვენ გვესმის, რომ ამ საკითხზე რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება უკრაინაში ომის დასრულებასა და უკრაინის გამარჯვებამდე, თუმცა აუცილებელია დისკუსიის დაწყება ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესაძლო მონახაზებზე.

როგორც ტრანზიციაში მყოფი ქვეყანა, რომელიც ძლიერ, მედეგ და დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებს, საქართველო ჯერაც გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ფრანგი და სხვა მეგობრების მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ამ სირთულეების გადალახვას და ჩვენი ხედვის განხორციელებას მშვიდობიანი მომავლისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

დღეს არის საუკეთესო დრო, რათა ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარონ უსაფრთხოების გარემოსთან გამკლავებასა და ნატო-სა და ევროკავშირში დამსახურებულ წევრობაში. უკვე 15 წელია, ბურთი ევროკავშირისა და ნატო-ს მოედანზეა. პრეზიდენტი მაკრონი ევროპული მიზნების გამორჩეული მხარდამჭერია. დროა, ევროკავშირმა იზრუნოს გრძელვადიან მშვიდობაზე წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების გზით.

ჩვენს ორ სახელმწიფოს საერთო ისტორიისა და კულტურის საინტერესო პერიოდები აკავშირებდათ. დღეს კი ჩვენ ვერთიანდებით დემოკრატიისა და ევროპული მომავლის საერთო მიზნებით. ღმერთი ფარავდეს ამ ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს. დაე, კიდევ მრავალი ათწლეული ვითარდებოდეს ჩვენი პარტნიორობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.