შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა - უმრავლესობა როცა არ გადიოდა რეგისტრაციას, გააპროტესტეთ, ახლა თავად მოახდინეთ ამის ლეგიტიმაცია და დაადასტურეთ, რომ ეს საპარლამენტო ცხოვრების ნაწილია
უმრავლესობა როცა არ გადიოდა რეგისტრაციას, გააპროტესტეთ, ახლა თავად მოახდინეთ ამის ლეგიტიმაცია და დაადასტურეთ, რომ ეს საპარლამენტო ცხოვრების ნაწილია, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას, რომელმაც დღეს რეგისტრაციაში არ მიიღო მონაწილეობა და კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის დღევანდელი რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა.
შალვა პაპუაშვილმა ასევე მიმართა ოპოზიციას, რომ, მათი სურვილისა და მზადყოფნის შემთხვევაში, განმეორებით რეგისტრაციას დანიშნავდა.
„კვორუმი არ არის, შესაბამისად, სხდომა ვერ გაიხსნება. გათვალისწინებულია განმეორებითი რეგისტრაცია, თუმცა ვინაიდან ოპოზიციას აქვს მკაფიო გადაწყვეტილება, არ გაიაროს რეგისტრაცია, მეორე მხრივ კი, უმრავლესობიდან 76-ვე დეპუტატი არ არის ადგილზე, ნაწილი ფრანკოფონიის კონფერენციაზე იმყოფება, განმეორებითი რეგისტრაციის ჩატარებასაც აზრი ეკარგება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოპოზიცია მომმართავს და გამოხატავს მზადყოფნას, გაიაროს რეგისტრაცია. ჩვენ ხვალაც უნდა შევკრებილიყავით, თუმცა ოპოზიცია თუ არ მომმართავს, რომ მზად არის, რეგისტრაცია გაიაროს და არ მექნება დასტური უმრავლესობიდან, რომ 76 ადამიანი იქნება დარბაზში, რეგისტრაციას ვერ ჩავატარებთ. ამ შემთხვევაში, აპრიორი ცნობილი იქნება, რომ არ არის უმრავლესობა.
უმრავლესობა როცა იყო დარბაზში, მაგრამ არ გადიოდა რეგისტრაციას, ახლა ამ პროცედურის ლეგიტიმაცია თქვენ მოახდინეთ ხელახლა. აპრიორი როცა არის ცნობილი, რომ დარბაზში არ იქნება 76 ადამიანი კვორუმისთვის, ამ დროს აზრი არ აქვს რეგისტრაციის ჩატარებას. თავის დროზე ორივე შემთხვევა გვქონდა, რასაც თქვენ აპროტესტებდით. ამბობდით, რომ რეგლამენტის დარღვევა, კონსტიტუციის დარღვევა არისო. თქვენი დღევანდელი აქტითაც დაადასტურეთ, რომ ეს არის ნაწილი საპარლამენტო ცხოვრების. კი ბატონო, მეც გიდასტურებთ. დაველოდებით უმრავლესობაში საკმარისი ადამიანის ყოფნას, რათა დასტური მქონდეს, რომ შევიკრიბოთ. მას შემდეგ, რაც იქნება დასტური, თუ რომელ დღეს, რომელ კვირას, რომელ თვეს იქნება უმრავლესობა, გაცნობებთ ანონსის სახით და გაიმართება სხდომა. დღეს სხდომა გახსნილი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.