შალვა პაპუაშვილმა კონფერენცია - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ შეაჯამა
შალვა პაპუაშვილმა კონფერენცია - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ შეაჯამა

ვფიქრობ, ეს იყო პირველი წარმატებული კონფერენცია და მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოცდილებაზე დაშენდეს სხვა ასეთი სახის ღონისძიებები, სადაც სხვა საკითხებს უფრო ჩაღრმავებით განვიხილავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“  შეჯამებისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, კონფერენციაზე ყველა საკითხზე საგნობრივი დისკუსია გაიმართა.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამწუხაროდ, ოპოზიცია ღონისძიებაზე აქტიური არ იყო.

„ვფიქრობ, წარმატებული კონფერენცია იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო სამოქალაქო პლატფორმას. ნამდვილად იყო ამ შეხვედრის საჭიროება და კონფერენციის ხანგრძლივობაც აჩვენებს, რამდენად იყო ერთმანეთისთვის აზრების გაზიარების საჭიროება. სასამართლო რეფორმა, საარჩევნო საკითხები, დეოლიგარქიზაცია – ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იყო საგნობრივი დისკუსია, განხილვა. უფრო მეტი ემოცია პოლარიზაციის საკითხების განხილვისას იყო, მაგრამ ესეც აჩვენებს, რომ საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით აბსოლუტურად შეიძლება პროფესიული მსჯელობა.

რაც შეეხება ოპოზიციას, სამწუხაროდ, ნახევარი დღის შემდეგ დაგვტოვეს. აქტიურები არ იყვნენ ამ ღონისძიებაში, ესეც აჩვენებს ზოგადად, როგორია მათი ინტერესი საკითხების მიმართ. სამწუხაროა, ჩვენ ამას დიდი ხანია, ვაკვირდებით, რომ კანდიდატის სტატუსი ოპოზიციის ნაწილის ხელში იქცა იარაღად, იარაღად ხელისუფლებაზე ზეწოლის, მოხდეს შანტაჟი ქვეყნის და არეულობა. როდესაც ხედავენ, რომ პროფესიული და მშვიდი დისკუსია იმართება, რომ იარაღად ვერ გამოიყენებენ ასეთ დისკუსიას, მასში არ მონაწილეობენ და დღეს ამის მომსწრე ვიყავით. თავიდან ჩართულობა იყო, მინდა, მადლობა გადავუხადო ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, რომელიც იყო ჩართული, თუმცა დიდმა ნაწილმა, სამწუხაროდ, აქტიურად არ მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება სამოქალაქო პლატფორმასთან ჩვენს თანამშრომლობას, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება იყო წარმოდგენილი. ყველამ  შეძლო ყველა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება. ვფიქრობ, ეს იყო წარმატებული პირველი კონფერენცია და მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოცდილებაზე დაშენდეს სხვა ასეთი სახის ღონისძიებები, სადაც ჩვენ ყველა სხვა საკითხს უკვე უფრო ჩაღრმავებით განვიხილავთ. ჩვენ განსახილველი დაგვრჩა ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საკითხები, რაც ეხება გარემოს დაცვას და ეკონომიკას, რაც, საერთო ჯამში, სული და გულია ევროკავშირის. ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ ეს საკითხები ახდენს გავლენას ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.