შალვა პაპუაშვილმა ხათუნა სამნიძეს მიმართა - სხვა ქვეყნის წარმომადგენელი როდესაც თქვენს სამშობლოს რუსეთს ადარებს, პირველი უნდა იყოთ, ვინც წინ აღუდგება, ამაში ჩაბმა უფრო სამარცხვინოა
შეუფერებელია საქართველოს რაიმე კონტექსტში ოკუპანტ ქვეყანასთან შედარება, როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ნებისმიერ კონტექსტში რუსეთს ადარებს თქვენს სამშობლოს, თქვენ უნდა იყოთ პირველი, ვინც ამას წინ უნდა აღუდგეს, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
პაპუაშვილის თქმით, როდესაც სამნიძე ამაში თავად არის ჩაბმული, ეს კიდევ უფრო მეტად სამარცხვინოა.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვის იცავს? იცავს ყველას, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, წესრიგს. ვისგან და თქვენ რომ მშვიდ საუბარს ეძახით, სინამდვილეში კი ყველამ ნახა, რაც სხდომაზე მოხდა. განსაკუთრებით, პირველ დღეს, მაგიდები რომ ააყირავეს. თქვენ რომ თქვით, ბიჭებიო, იმ ბიჭს ეჯაჯგურებოდით პირადად თქვენ, მერე ვიდეოს დებდით და გიხაროდათ. იცით, რატომ არ გიშვებდათ, ქალბატონო ხათუნა? სხდომის თავმჯდომარემ დაგატოვებინათ სხდომა და იქ შესვლის უფლება თქვენ არ გქონდათ. მთელმა საქართველომ ნახა აყირავებული მაგიდები და რა ხდებოდა იქ საერთოდ. რაც შეეხება ლაივსტრიმს, თითქოს ითიშება, აგიხსნით, რომ შემდეგში ეს ტყუილიც არ იყოს. როდესაც სხდომაზე ცხადდება ტექნიკური შესვენება, ავტომატურად ითიშება ლაივი, როდესაც არის სხდომაზე წესრიგის დარღვევა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს ტექნიკურ შესვენებას, ლაივი ავტომატურად ითიშება, ლაივის არანაირი განზრახ გათიშვა არ ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ ძალადობა იქცა პოლიტიკის ინსტრუმენტად, თავისთავად ამისთვის საჭიროა, უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შენობაში წესრიგი. თქვენ რასაც საუბრობთ, ჩარაზული თუ გადარაზული, ეს მეტყველებს არა პარლამენტზე, არამედ იმ ჯგუფებზე, რომლებიც აიძულებენ პარლამენტს, მისი დაცვის სამხახურს, რომ იყოს უფრო მობილიზებული იმისთვის, რომ ჩატარდეს სხდომები.
რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხს, თქვენ ახლა გაიმეორეთ – რუსული, რუსული, რუსული. ეს არის ყველაზე დიდი პროპაგანდისტული ტყუილი, რომელიც ვრცელდება საზოგადოებაში. ეს არის პირდაპირ პროპაგანდის ყველაზე ელემენტარული ინსტრუმენტი, რაღაც თემის დისკუსიის დაბრენდვა, სტიგმატიზება მისი, როგორც რუსულის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, „შეუფერებელი ტყუილია, როდესაც საქართველოს შედარება ხდება რუსეთთან“.
„თქვენ, როგორც პარლამენტის წევრებს, თუკი ვინმე ამას ამბობს, პირველ ყოვლისა, თქვენ უნდა უშლიდეთ. საქართველოს რუსეთთან რაიმე სახით კონტექსტში დაყენება არის საქართველოს შეურაცხყოფა და ამას უნდა ხვდებოდეთ, როდესაც გეუბნებიან. აბსოლუტურად შეუფერებელი კონტექსტია და მეორე – პროპაგანდისტული ხაზი, ისტერია, რომლის დათესვაც თქვენ გინდათ. კანონპროექტზე გუშინ კომიტეტზეც არაერთხელ ითქვა, რომ ამის ისე წარმოჩენა, თითქოს კანონს ვიღებთ ან ასე შემდეგ, მიმდინარეობს პირველი მოსმენა, ასევე გაცხადებულია, რომ იქნება კონსულტაცია ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, ვიცით, რომ ასევე ეუთო/ოდირშიც მიმდინარეობს განხილვა, ამისგან ისტერიის შექმნა, თითქოს ახლა რაღაცები ხდება, ეს არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.
პროპაგანდა აბსოლუტურად მიუღებელი და შუფერებელია. საქართველოს რაიმე კონტექსტში შედარება ოკუპანტ ქვეყანასთან არის შეუფერებელი. ვინც არ უნდა თქვას, განსაკუთრებით, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი როცა ამას იტყვის, თქვენ უნდა იცავდეთ თქვენს ქვეყანას. როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი თქვენს სამშობლოს ადარებს რუსეთს, ნებისმიერ კონტექსტში, თქვენ უნდა იყოთ პირველი, ვინც ამას წინ უნდა აღუდგეს და დაიცვათ. როდესაც თქვენ ხართ ამაში ჩაბმული, ეს კიდევ უფრო მეტად სამარცხვინოა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.