შალვა პაპუაშვილმა კარიბის ზღვის რეგიონის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კარიბის ზღვის რეგიონის სახელმწიფოების – სენტ-ლუსიის, გრენადის, ანტიგუა და ბარბუდის, სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობა. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიღწევებს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე და გამოთქვეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების სურვილი, განსაკუთრებით, სახელმწიფო სერვისების, საბიუჯეტო პროცესების მართვის და ეკონომიკური რეფორმების სფეროებში.
პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გამოთქვა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის აუცილებლობას.
შალვა პაპუაშვილმა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, საქართველოს პროგრესზე რეფორმების განხორციელების მიმართულებით და საქართველოს, როგორც ვაჭრობის შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ქვეყნის როლზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.