შალვა პაპუაშვილმა იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრის პაციენტი ბავშვები მოინახულა
შალვა პაპუაშვილმა იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრის პაციენტი ბავშვები მოინახულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც პაციენტი ბავშვები მოინახულა. შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, პატარებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„დღეს ვიმყოფებოდით იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც აქ გადიან მკურნალობას. ყველას ვულოცავ დამდეგ შობას და ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერ წელიწადს. მიხარია, რომ ასეთ თბილ გარემოში გადიან ბავშვები მკურნალობას და რომ საშობაო და საახალწლო განწყობა აქაც სუფევს. ყველა ბავშვს ვულოცავ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას მათ ოჯახებთან ერთად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, კლინიკაში იმყოფებოდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

„მოვინახულეთ ჩვენი პატარა მეგობრები, რომლებსაც, ვფიქრობ, ყველაზე მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ და სწორედ ეს იყო ჩვენი სტუმრობის მიზანი. მივულოცეთ ახალი წელი და დამდეგი შობა, ვუსურვეთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობა, ბედნიერება, წინსვლა, სიყვარული და სითბო. ჩვენი სტუმრობა ადასტურებს, რომ მათ მხარდაჭერა აქვთ როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებისგან. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური პროგრამის დაფინანსების გაზრდაზე, იმ საჭიროებების გაუმჯობესებაზე, რაც მათთვის პირველი რიგის პრობლემაა. ჩვენი ვალდებულებაა, მათ გვერდში დავდგეთ ყველა მხრივ, რათა მათი ჯანმრთელობა იყოს შენარჩუნებული და ისინი იყვნენ ჯანმრთელი მომავალი თაობის სრულფასოვანი შემადგენელი ნაწილი“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში ამჟამად სხვადასხვა ასაკის 30 ბავშვი მკურნალობს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.