შალვა პაპუაშვილმა იაგო ხვიჩიას მიმართა - სიამოვნებით გაგიშვებდით ტრენინგზე, რომ გაერკვეთ საპარლამენტო მუშაობაში, ვფიქრობ, სიღრმისეული ტრენინგი არ გაწყენდათ
სრულ ბუტაფორიად ვაქციეთ საპარლამენტო მუშაობა, განსაკუთრებით თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში. თქვენს ადგილას ვიფიქრებდი, მინდა თუ არა, ქართული პარლამენტარიზმის მესაფლავე ვიყო, – ასე მიმართა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
დავის მიზეზი სესიაზე პენიტენციური კოდექსისა და მისი თანმდევი კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის წესი გახდა. კანონპროექტს არა მუხლობრივად, არამედ თავების მიხედვით განიხილავდნენ, რაც „გირჩმა“ გააპროტესტა.
„ბატონო შალვა, იყო კანონები, როდესაც ჩვენ მართლა ინტერესი გვქონდა და გამოვხატავდით. როცა ინტერესი გვაქვს, გვაჩერებთ, იძახით, თქვენი კითხვები არარელევანტურია, დროის გაწელვას ემსახურებაო. როცა კითხვები არ გვაქვს, იძახით, კითხვები არ ჰქონდათ, მთელი ათი კანონი განვიხილეთო. საქართველოს მოსახლეობისთვის ცხადია, რომ ჩვენ სრულ ბუტაფორიად ვაქციეთ საპარლამენტო მუშაობა, განსაკუთრებით თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში. თქვენს ადგილას ვიფიქრებდი, მინდა თუ არა, ქართული პარლამენტარიზმის მესაფლავე ვიყო“, – მიმართა იაგო ხვიჩიამ შალვა პაპუაშვილს.
შალვა პაპუაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა ტრენინგი დეპუტატების საპარლამენტო მუშაობაში გასარკვევად.
„რა ვქნა? შესაძლოა, რაიმე ტრენინგი მოვიფიქროთ სხვა პარლამენტებთან ერთად და სიამოვნებით გაგიშვებდით ამ ტრენინგზე, რომ გაერკვეთ, საპარლამენტო მუშაობა როგორ მიდის, რა ჯგუფებში მიდის, რა არის კომიტეტის როლი, პლენარული სხდომის როლი, რა არის დისკუსია, რა არის ეპატაჟი. ვფიქრობ, რომ ამაზე თქვენ სიღრმისეული ტრენინგი არ გაწყენდათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კანონპროექტის თავების მიხედვით განხილვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა მოითხოვა. მათიკაშვილის თქმით, პარლამენტის რეგლამენტის 110-ე მუხლის მესამე პუნქტი ამის საშუალებას იძლევა.