შალვა პაპუაშვილმა და გიორგი ამილახვარმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გიორგი ამილახვართან და ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატთან, ანტონ ობოლაშვილთან ერთად, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი და გიორგი ამილახვარი, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ახალციხის მე-5 საჯარო და სოფელ უდის პირველ საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება.
„სრული რეაბილიტაციის შედეგად საჯარო სკოლის შენობებში, რომელიც 600 მოსწავლეზეა გათვლილი, განახლებულ სასწავლო სივრცეებთან ერთად, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სპორტული და სააქტო დარბაზები იფუნქციონირებს. შენობები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად ახალციხის მე-5 და სოფელ უდის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეები 2024-2025 სასწავლო წელს ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შენობებში შეხვდებიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.