შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილს მიმართა - დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო, თუ მაინცდამაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, ამას მიაქციეთ ყურადღება
შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილს მიმართა - დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო, თუ მაინცდამაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, ამას მიაქციეთ ყურადღება

მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული და, მგონი, პოლიტიკური ჟესტი უნდა განასხვაოთ ქცევის წესებისგან, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე პარტია „მოქალაქეების“ წევრს ალეკო ელისაშვილს.

ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის წლიური მოხსენებისას სხდომათა დარბაზში უმრავლესობის წევრების ქცევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სხდომათა დარბაზში დღეს ძალიან არასასიამოვნო სცენა ნახა მთელმა საქართველომ.

შალვა პაპუაშვილმა დეპუტატს რეგლამენტის იმ ნორმის დაცვისკენ მოუწოდა, რომელიც სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობას შეეხება.

„მადლობა ბატონო ალეკო, რომ სხდომათა დარბაზში ეტიკეტსა და მისალმების ფორმებზე ზრუნავთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული და, მე მგონი, პოლიტიკური ჟესტი უნდა განასხვაოთ ქცევის წესებიდან. ბატონო ალეკო, რაც არის რეგლამენტით მოწესრიგებული, კერძოდ, მისი 84 მუხლის მეშვიდე პუნქტით, არის ის, რომ სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო, საქმიანი ან ეროვნული. მე თქვენ ჩაცმულობაში რაიმე საპროტოკოლო, საქმიანი ვერ დავინახე და მაინცდამაინც ჩოხა-ახალუხს და ქამარ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ, ამიტომ გთხოვთ, თუ მაინცდამაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, ამას მიაქციოთ ყურადღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.