„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებამდე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გაიწვევს და პარლამენტს ახალი ვარიანტი წარედგინება
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებამდე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკან გაიწვევს და მის ნაცვლად პარლამენტს ახალი ვარიანტი წარედგინება, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით არის განსაზღვრული.
„იცით, რომ 19 აპრილის შეთანხმება რამდენიმე საკითხს ეხება, რისთვისაც საჭიროა ცვლილებები კონსტიტუციაში. ეს არის საარჩევნო ბარიერი, პროკურორის არჩევის წესი და ოთხკაციანი ფრაქციის შექმნა. ამ საკითხზე ოპოზიციასთან კომუნიკაცია გვქონდა და მოხდება ცვლილებების ინიცირება“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.
შარლ მიშელის დოკუმენტით, საარჩევნო ბარიერი 0-2 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს, ხოლო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო ცვლილებებით, 3 პროცენტი იყო განსაზღვრული.