შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პოზიციას შეიცვლის.
ჟურნალისტის კითხვაზე შეიწყალებს, თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამის მოლოდინი არ აქვს.
„არანაირად არ მაქვს ამის მოლოდინი, ვინაიდან ვიცი მისი პოზიცია, რაც მან არაერთხელ გააჟღერა. მე ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს, რომ ეს პოზიცია შეცვლილიყო. ის თავად გახლავთ, როგორც აღნიშნა, იმ პროტესტის მონაწილე, რომელიც სწორედ ეხებოდა გირგვლიანის საქმეს და დღეს გირგვლიანის საქმეზე მიდის მართლმსაჯულების აღსრულება. ყველა, ვინც ახლა ცდილობს, რომ რამენაირად დაიხსნას მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველა, ვინც ცდილობს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილებები შეცვალოს, ერევა მართლმსაჯულებაში, რაც, პაპუაშვილის განცხადებით, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი ევროპულია.
„პარლამენტი ვერავის ვერ გაათავისუფლებს. ჩვენ არ უნდა ვაქციოთ პოლიტიკური პროცესი ფარსად, არ უნდა ვაქციოთ მართლმსაჯულების დამოკიდებულება პირად გემოვნებად. ასე რომ, საქართველოს მართლმსაჯულება ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების პროცესში. რაც არის განხორციელებული, თუ მიმდინარე პროცესები, თუ გამოტანილი განაჩენები, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილებები. ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს გადაწყვეტილებები შეცვალოს, ერევა მართლმსაჯულებაში, რაც, კიდევ ერთხელ, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ევროპულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.