შალვა პაპუაშვილი - ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, პრეზიდენტი ხალხთან უნდა იყოს, ოღონდ ცოტა მაღლაო, მგონი, ნამეტანი ზემოთ აიწია და ძალიან ზემოდან გვიყურებს ქართველ ხალხს
ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, პრეზიდენტი ხალხთან უნდა იყოს, ოღონდ ცოტა მაღლაო, მგონი, ნამეტანი ზემოთ აიწია და ძალიან ზემოდან გვიყურებს ქართველ ხალხს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, , სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტია“ და მასზე ხელმომწერები საქართველოს ისტორიაში სამარცხვინოდ შევლენ.
„ის, ვინც პრეზიდენტის ქარტია შეადგინა და ხელი მოაწერა, მათ საქართველოს დაარქვეს ბანანის რესპუბლიკა. ქვეყანა, რომელსაც არ აქვს უნარი, აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც კონსტიტუციურ ვადით, ოთხი წლით მართავს ქვეყანას. ქალბატონმა სალომემ თქვა კიდეც, რომ პოლიტიკური უკულტურობა არისო, ამ ხალხს ტექსტზე ხელი მოაწერინა და მერე ყველას უკულტუროები უწოდა. არ გაქვთ უნარი, რომ შეთანხმდეთ და მართოთ ქვეყანაო, ერთ წელზე მეტი არ უნდა იყოთო.
ქალბატონ სალომეს ნათქვამი აქვს, პრეზიდენტი ხალხთან უნდა იყოს, ოღონდ ცოტა მაღლაო, მგონი, ნამეტანი ზემოთ აიწია და ძალიან ზემოდან გვიყურებს ქართველ ხალხს და მივაჩნივართ შეუმდგარ ქვეყნად და შეუმდგარ სახელმწიფოდ. ეს არის სირცხვილი, ეს ქარტია საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო ფურცელი და ყველა, ვისაც ხელი აქვს მოწერილი ამ ქარტიაზე, სამარცხვინოდ შევლენ საქართველოს ისტორიაში. ეს არის ხალხი, რომელმაც ჩვენი სახელმწიფო შეუმდგარ სახელმწიფოდ გამოაცხადა, ქართველი ერი – შეუმდგარ ერად და საქართველო – ბანანის რესპუბლიკად, რომელსაც უნარი არ აქვს, რომ აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.