შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი რუსულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს იყენებს, უნდათ, ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ, რაც სახიფათო გზაა
ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს მიმართ რუსული პროპაგანდისტული ინსტრუმენტის გამოყენება ხდება. უნდათ, ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს სახიფათო გზაა.
„შემაშფოთებელია, როცა ევროპელი პოლიტიკოსებისგან ვხედავთ მცდელობას, ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ. ეს არის რუსული პროპაგანდისტული იარაღი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს – ცდილობს, პროპაგანდისტულად ერთმანეთისგან გამიჯნოს უკრაინელი ხალხი და უკრაინის ხელისუფლება.
სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს მიმართ ზუსტად ასეთი რუსული პროპაგანდისტული ინსტრუმენტის გამოყენება ხდება, უნდათ, ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ. ეს ძალიან სახიფათო გზაა და ძალიან არადემოკრატიული, არაევროპულია. ეს არის პროპაგანდისტული იარაღი, რომელსაც რუსეთი იყენებს მისთვის არასასურველი ქვეყნების თუ ხელისუფლებების მიმართ. ამიტომ, ჩემი სურვილი იქნებოდა, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ამ რუსულ ნარატივს თავი დაანებოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში გარკვეული ჯგუფია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მეგობარი და მოკავშირეა.
„სააკაშვილს რაც შეეხება, მასზე განცხადებები პირველი არ არის. ევროპარლამენტმა სამი რეზოლუცია მიიღო, რომელიც, სამწუხაროდ, სავსე იყო დეზინფორმაციით, მათ შორის ბოლო რეზოლუციაც. ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მეგობარი და მოკავშირეა. მიხეილ სააკაშვილს მათი მფარველობა ჰქონდა, როცა 2018 წელს საქართველოს სასამართლომ სააკაშვილს სასჯელები მიუსაჯა. ის სწორედ მათი მფარველობით თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროპაში, დამნაშავე იყო მიმალვაში, თუმცა ისინი ხვდებოდნენ, ხელს ართმევდნენ კაფეებსა თუ საკუთარ ოფისებში. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს ესაუბრებოდნენ საქართველოს მომავალზე. სწორედ მათ წაახალისეს სააკაშვილის რადიკალური გეგმა, რომელიც საქართველოში არეულობის მოწყობაში მდგომარეობდა. რომ არა ქართული სპეცსამსახურების აქტიური მუშაობა, სააკაშვილი დაეკავებინათ, არავინ იცის, დღეს არეულობის მხრივ რა იქნებოდა საქართველოში. სწორედ ამ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, რომ მათ წააქეზეს სააკაშვილი ასეთ ნაბიჯზე. მათ ადგილზე ვისურვებდი, გაიაზრონ საკუთარი წვლილი, როგორ ახალისებდნენ რადიკალიზმს საქართველოში და ამ პასუხისმგებლობით გადაიაზრონ საკუთარი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. პირველ რიგში, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა მისი და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობაა. ეს არადემოკრატიულობის ყველაზე დიდი ნათელი მაგალითია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.