შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარი ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული, ქართველი ხალხი დეზინფორმაციას როცა ისმენს, ეს ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას
სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომელიც ზოგ ქვეყანაში მმართველ პარტიას წარმოადგენს, ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვით მიმართეს: „ევროპარლამენტარები საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, უგულებელყოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, აქვთ განცდა, რომ „ქართული ოცნება“ ამ პირობის შესრულებას არ გეგმავს. რა იქნება თქვენი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით?“
პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარი ტყუილს როცა ავრცელებს, ეს ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში.
„ევროპარლამენტარების განცხადებები ანტიევროპულია, რომელიც ეწინააღმდეგება, მათ შორის, ევროსაბჭოს რეკომენდაციის ერთ-ერთ პუნქტს დეზინფორმაციის არდაშვების თაობაზე. ცუდია, როცა კანდიდატის სტატუსის მონიჭების და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ადგილი არ უნდა ჰქონდეს ანტიევროპულ და სხვა სახის დეზინფორმაციას, ევროპარლამენტარები წლის ახალ სეზონს კვლავ საქართველოს წინააღმდეგ ხსნიან დეზინფორმაციით. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომელიც ზოგ ქვეყანაში მმართველ პარტიას წარმოადგენს, ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. ეს განცხადებები ანტიევროპულია, რადგან ევროპარლამენტარი ტყუილს როცა ავრცელებს, ეს ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში. ევროპარლამენტარების მიერ ინიცირებული იყო სამი რეზოლუცია, რაც საქართველოს შესახებ დეზინფორმაციას შეიცავდა. ქართველი ხალხი დეზინფორმაციას როცა ისმენს, ეს ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს კომუნიკაცია ჰქონდეთ პარლამენტის წევრებთან, რათა დეზინფორმაციის გავრცელება შეწყდეს. რაც შეეხება სანქციებს, ბიძინა ივანიშვილმა თავად განაცხადა, რომ ფაქტობრივი სანქციების ქვეშ არის, მისი ქონების დიდი ნაწილი დაკავებული აქვთ უმიზეზოდ. ორი ფეხით მყარად დგას საქართველო ფაქტებზე და სიმართლეზე, ეს მყარი დგომა ყოველთვის იმარჯვებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.